საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო მელიქიშვილის გამზირზე და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო 21 იანვარს, 00:00-დან 03:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება მელიქიშვილის გამზირზე. 03:00 საათიდან 06:00-მდე კი საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე.

შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვის და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.

რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები კი აჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირის და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები