დღეს ჩატარდა სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა – აღინიშნა და გადაწყდა, რომ კომისია არამხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებზე და ასევე საწვავის ფასებზე იმუშავებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში, აღნიშნულ საკითხს შეისწავლის შესაბამისი ჯგუფი საქართველოს პარლამენტში.
„ვფიქრობთ, რომ კომისია სამუშაოებს დაასრულებს აპრილის ბოლომდე, პარალელურ რეჟიმში, შესაბამისი ჯგუფი შეისწავლის პარლამენტში აღნიშნულ საკითხს და ერთობლივად, პარლამენტთან კოორდინაციაში, ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ სასურველ შედეგს. ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება და, ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, თუ რას მოიცავს ეს ფასები, სად არის ფასნამატები, სად არის ფასნამატები არალოგიკური და არ შეესაბამება არსებულ ევროპულ პრაქტიკას“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.