“საბოლოოდ, ბაჩო ახალაიამ საკუთარი მეუღლეც კი არ დაიცვა” – შალვა პაპუაშვილი
“საბოლოოდ, ბაჩო ახალაიამ საკუთარი მეუღლეც კი არ დაიცვა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, სუს-ის მხრიდან ანა ნადარეიშვილის მისამართით კითხვების გაჩენა აბსოლუტურად ლოგიკური იყო.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფორმალურად, კომუნიკაცია ბაჩო ახალაიასა და 4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეებს შორის სწორედ ახალაიას მეუღლის IP მისამართიდან ხორციელდებოდა.
„ეს ადამიანი საკუთარი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას. რა მორალური ღირებულებების მატარებლები არიან ეს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ატრიალებას გეგმავდნენ? ადამიანი თავისი მეუღლის ზურგს ეფარება. ხომ ყველასთვის გასაგები იყო, რომ ანა ნადარეიშვილის ეს პოსტები და სოცმედია აქტიურობა, რომელიც უცებ, არსაიდან გაჩნდა, მისი მეუღლის იდეებისა თუ მოწოდებების გაჟღერება იყო. ანა ნადარეიშვილი ცალკე პოლიტიკური ფიგურა არასოდეს ყოფილა. [ახალაია] იყენებდა როგორც სპიკერს, დამხობის წინა პერიოდში. აღმოჩნდა, რომ მის მისამართს ეფარებოდა დამამხობლებთან კომუნიკაციისთვის და საბოლოო ჯამში, მეუღლეც კი გაწირა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის და ისიც კი ვერ გაბედა, რომ საკუთარ თავზე დაეტოვებინა ეს პასუხისმგებლობა. არც კი უპასუხა კითხვას „თქვენი მეუღლეც იყო თუ არა კომუნიკაციაში ჩართული?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.