15 ათასი ამერიკელი ტრანსსექსუალი ჯარისკაცი ბარაკ ობამას მიმართავს

ლგბტ მოძრაობების წარმომადგენლებმა ბარაკ ობამას მიმართეს. ისინი ითხოვენ ჯარში სამსახურზე ტრანსსექსუალებისთვის აკრძალვა მოიხსნას. პენტაგონში კი თვლიან, რომ ასეთი ჯარისკაცები სამხედრო ძალებს მეტისმეტად ძვირი უჯდებათ.
კრისტოფერ ბეკი ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა, შემდეგ 20 წელი საზღვაო ძალების ელიტურ ქვედანაყოფში იყო, რის მერეც პენსიაზე გავიდა და ტრანსსექსუალების რიგებში ჩაეწერა. მის სახეს ახლა არა წვერები, არამედ პომადა ამშვენებს, კამუფლაჟის მაგივრად კი ქალის კაბას და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელს ატარებს. ახლა მას კრისტინა ბეკი ჰქვია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ამერიკაში 700 ათასი ტრანსსექსუალია. უილსონის ინსტიტუტის მონაცემებით კი მათი რაოდენობა ამერიკის ჯარში 15 ათასს უტოლდება. თითქმის ყველა მათგანი ორიენტაციას მალავს. მათგან განსხვავებით, 2010 წლიდან არაფრის დამალვა არ სჭირდებათ ამერიკის სამხედრო ძალებში მოსამსახურე ლესბოსელებს და ჰომოსექსუალებს.
პრობლემის გადაჭრის გზების პოვნის მიზნით ვაშინგტონში ამ დღეებში პროფილური კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე ურთიერითგამოცდილების გასაზიარებლად იმ 13 ქვეყნის სამხედრო ტრანსგენდერები ჩავიდნენ, სადაც ტრანსგენდერ რიგითს შეუძლია ოფიციალურად გენერალის წოდების მიღებამდე იმსახუროს. ამ ქვეყნების რიცხვშია კანადა, ბრაზილია, ინგლისი, ესპანეთი, ჩეხეთი, ისრაელი, ავსტრალია და, რა თქმა უნდა, ტაილანდი. რაც შეეხება პენტაგონის პოზიციას, უწყება ყურის წაყრუების პოლიტიკის გატარებას ამჯობინებს. ამავე დროს, ჯარში ტრანსგედერების სამსახურიდან დათხოვნას აგრძელებენ. ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ტრანსგედერებს ფსიქიკურად ავადმყოფებად მიიჩნევენ.
მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომ დგას თავდაცვის პოზიციაში ეს უწყება -ფინანსებია. ტრანსსექსუალებს სჭირდებათ ჰორმონები და ოპერაციები, რისი საფასურის დაფარვაც შესაბამისად სახელმწიფომ უნდა იკისროს. ამის საპასუხოდ უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განსაკუთრებულ სახსრებს არ მოითხოვენ და ჰპირდებიან, რომ პენტაგონის კმაყოფაზე არ იქნებიან. ამავე დროს, მათი მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ტრანსგენდერების ღიად გამოჩენა ჯარში ქაოსს წარმოშობს, დაიწყება მათი დევნა და შესაძლოა, შეურაცხყოფაც კი. ყველა წინააღმდეგობის და ბარიერის გათვალისწინებით ახლა ლგბტ ლობისტები პირდაპირ ბარაკ ობამას მიმართავენ და სთხოვენ მას, პირდაპირი ბრძანების მეშვეობით კონგრესის მიერ დაკანონებული აკრძალვა მოხსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები