შოთა ბერეკაშვილი: საქართველოს ელექტროენერგიის სექტორს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, თანამედროვე გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ენერგეტიკის საკითხებზე გამართულ ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, როდესაც ქვეყნები, რომლებიც ხელმისაწვდომ ენერგორესურსებს ფლობენ და ენერგოდამოუკიდებლები არიან, კონკურენტული უპირატესობით სარგებლობენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა როგორც საქართველო, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონი, რომელსაც რეალური შესაძლებლობა აქვს, ჩამოყალიბდეს ხელმისაწვდომი ენერგიის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად და მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი შეიძინოს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ბაზარი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას, რადგან დივერსიფიცირებული საექსპორტო არხები შიდა გენერაციის ზრდისთვის ქმნის პირობებს და ენერგეტიკით ვაჭრობის კონკურენტუნარიან შესაძლებლობებს“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ენერგეტიკა ეკონომიკის ღირებულებათა ჯაჭვის ცენტრალური რგოლია და მსოფლიო თანამედროვე ეკონომიკურ მოდელზე ეტაპობრივად გადადის, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ეფუძნება.
„ამ მოდელში გადამწყვეტ მნიშვნელობას ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა იძენს. „McKinsey“-ის შეფასებით, 2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების სექტორში ინვესტიციები 7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, ხოლო მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება დატაცენტრების ნაწილში, დღევანდელი 1%–1.5%-დან შესაძლოა თითქმის 8%-მდე გაიზარდოს. ამ მიმართულებით, საქართველოს ელექტროენერგიის სექტორს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვე გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში. დღეს საქართველოში გენერაციასა და მოთხოვნას შორის არსებული სტრუქტურული დისბალანსი, რომელიც ძირითადად სეზონურობით და ზამთრის პიკურ პერიოდებში მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული, დროებით და მართვად გამოწვევას წარმოადგენს. მიმდინარე მსხვილი პროექტები და მასშტაბური საინვესტიციო პორტფელი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში ეს დისბალანსი სრულად აღმოიფხვრება. შედეგად, 2034 წლისთვის ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 10 000 მეგავატს გადააჭარბებს, რაც შიდა მოთხოვნის მდგრად დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მყარ საფუძველს შექმნის“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კერძო სექტორისთვის კიდევ უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყოს.
აღნიშნულ პროცესში პარლამენტი ენერგეტიკულ სფეროში კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას და კერძო სექტორის მხარდაჭერას გააგრძელებს.
თემაზე – „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 – შეჯამება და გამოწვევები“ გამართულ ეკონომიკურ ფორუმს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრნენ. ღონისძიება „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ ორგანიზებით ჩატარდა.