სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ახმეტაში, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კუსტარულად დამონტაჟებული საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ჯამში 18 კუბურ მეტრამდე დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
„დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილი იქნება ახმეტის „საქმიან ეზოში“.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.