ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი, საერთო ჯამში, 16 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული გზა ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის მიმართულებაზე, ორი პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მოიცავს კმ178-დან კმ185-მდე და კმ186-დან კმ192-მდე მონაკვეთებს.

სამუშაოების შედეგად, მოეწყო ცემენტ-ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა ზაგაროს უღელტეხილზე მდებარე ეკლესიასთან.

ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზები ერთმანეთს ზაგაროს უღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკავშირდება. ეს გზები ერთიანდება ყველაზე მოკლე მარშრუტში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო და ზემო სვანეთს, რაც საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის დროს.

განახლებული გზა მნიშვნელოვანი სტიმულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. ის ზრდის მთიანი რეგიონების ეკონომიკურ, ტურისტულ და საკურორტო პოტენციალს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 27.9 მილიონი ლარია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები