ბულგარეთში პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა
ბულგარეთის დედაქალაქში გამართულ ანტისამთავრობო აქციას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქცია პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა, სადაც ასობით მოქალაქე მთავრობის გადადგომას და პოლიტიკური რეფორმების ჩატარებას მოითხოვდა. პროტესტი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტმა გამოიწვია, რომელიც გადასახადების ზრდას ითვალისწინებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროტესტი დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნების დაწვა და პოლიციელებზე თავდასხმა დაიწყეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
გავრცელებული ცნობით, შეტაკების შედეგად ორი სამართალდამცველი დაშავდა, ათი ადამიანი კი დაკავებულია.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება „კონკრეტულ ნაბიჯებს“ არ გადადგამს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამართალდამცველები „საჯარო წესრიგის დასაცავად მოქმედებდნენ“.