გიორგი ვოლსკი – ოპოზიციის აქციაზე გერმანიის ელჩის მისვლაზე: გლობალური დაპირისპირების სცენარში მოიაზრება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გაფუჭდეს არა მარტო ბრიუსელის, არამედ გერმანიის მხრიდანაც
„გლობალური დაპირისპირების სცენარში მოიაზრება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გაფუჭდეს არა მარტო ბრიუსელის, არამედ გერმანიის მხრიდანაც,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პიტერ ფიშერის რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ეს არის კონკრეტული ძალების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული გარკვეული ქმედებები, რასაკვირველია, “დიფ სთეითის” ხელიც ურევია, ეს მისი საქმიანობის ერთ-ერთი სეგმენტია. გლობალური დაპირისპირების სცენარში მოიაზრება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გაფუჭდეს არა მარტო ბრიუსელის, არამედ გერმანიის მხრიდანაც. იგივე კონტექსტში უნდა განვიხილოთ სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მოუწოდებდნენ რევოლუციისა და სისხლისღვრისაკენ იგივე გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლები, მაგალითად, გვახსოვს მიხაილ როთი. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მაგრამ არ უნდა დავუშვათ ვითარების გამწვავება, ვინაიდან სცენარში სწორედ ეს უწერიათ მათ,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.