„უშიშროების საბჭომ რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს, აღსრულება კი მთავრობის ხელშია“

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით არსებულ გაუგებრობას კონსტიტუციის მახინჯ ფორმას უკავშირებს. მისი თქმით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ამ თუ სხვა გაუგებრობისა და დაპირისპირების მიზეზი სწორედ საქართველოს კონსტიტუციაა. აღნიშნული განცხადება საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
”ინსტიტუციონალური დაპირისპირება სახეზეა. კონსტიტუცია, რომელიც ძალაში პრეზიდენტ მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა, საკმაოდ მახინჯია და ამას მისი ავტორებიც კი აღიარებენ. სწორედ არსებული კონსტიტუციური ფორმა განაპირობებს იმ კონფლიქტებს, რომელიც ძალთა გადანაწილების დროს წარმოიქმნება. ჩვენ ძლიერ საპრეზიდენტო ერთმმართველ სისტემას შევეჩვიეთ. არადა, აღმოჩნდა, რომ კონსტიტუციით მთელი ძალაუფლება პრემიერ- მინისტრის ხელშია. ასეთ შემთხვევაი, პრემიერი ვალდებულია, საკუთარი კონსტიტუციური უფლებები შეასრულოს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის და უშიშროების განმსაზღვრელ ფუნქციებს, სწორედ პრემიერ – მინისტრი განსაზღვრავს და განკარგავს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობაც ანალოგიურად მასზე უნდა იყოს“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ჩაფიძემ წუხილი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის თარიღი მინისტრებთან შეთანხმებული არ იყო, რის გამოც ისინი სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ბუნებრივია, პრეზიდენტი შეშფოთებულია რუსეთ – აფხაზეთს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებით, მაგრამ, ჩაფიძის განმარტებით, მარგველაშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
„როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, უშიშროების საბჭოს სხდომა მაინც გაიმართება. საბჭო უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელსაც მთავრობას წარუდგენს. სამწუხაროა, რომ თარიღი იმ მინისტრებთან რომლებიც საბჭოს ესწრებიან, წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა. შესაბამისად, ისინი საბჭოს სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ ქვორუმი შედგება და საბჭო გარკვეულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.“
როგორც ჩაფიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია და შეხედულება ბუნებრივია, უნდა დააფიქსიროს, თუმცა, აღმასრულებელი ფუნქცია პრემიერ-მინისტრის ხელშია:
„ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. ის არის ქვეყნის წარმომადგენელი, უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ უშუალოდ გადაწყვეტილებების მიღება და მათი აღსრულება აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულება. უშიშროების საბჭო იმ ფუნქციების ფარგლებში, რომელიც მას მოქმედი კონსტიტუციით გააჩნია, შეიმუშავებს რეკომენდაციებს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. მარგველაშვილი გახლავთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და, შესაბამისად, უნდა ჰქონდეს შეშფოთება და საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება, თუმცა უშუალოდ აღმასრულებელი ფუნქცია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით აღმასრულებელ ხელისუფლებას და მის მეთაურს, პრემიერ- მინისტრს გააჩნია“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ – აფხაზეთ შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბრისთვის მოიწვია. სხდომაზე მისვლას მისი რამდენიმე მუდმივი წევრი მათ შორის თავდაცვის და ფინანსთა მინისტრები საზღვარგარეთ მივლინების გამო ვერ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები