მაკა ბოჭორიშვილი – შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აშშ-ის ინტერესში არ არის „მეგობარი აქტი” იყოს საქართველოსთან ურთიერთობების საფუძველი, სწორედ ამიტომ მოხდა პროცესის ისე წარმართვა, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი” აღარ არის დღის წესრიგში და აღარ დევს განსახილველად მაგიდაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თუ დავაკვირდებით„მეგობარ აქტთან” დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქაც არავის აწყობს, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საფუძველი შეიქმნას „მეგობარი აქტის” ტიპის დოკუმენტებით.
“სამუშაო დონეზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკური ველი ცარიელია. ჩვენ ვსაუბრობთ გზავნილებზე აშშ-დან, მოველით, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში გარკვეული ჩარჩო უნდა განსაზღვროს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ განვითარებებს, რაც ხდება ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში, როგორ განვითარდა პროცესები „მეგობარ აქტთან” დაკავშირებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ იქაც არავის აწყობს, რომ საქართველო ჩამოშორდეს ამ ვექტორს და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საფუძველი შეიქმნას „მეგობარი აქტის” ტიპის დოკუმენტებით.
მინისტრმა ისაუბრა ცალკეული პოლიტიკოსების ქმედებებზე და აღნიშნა, რომ რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, საკუთარი ქვეყნის მტრობაა.
„შეგვიძლია შევაფასოთ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსების ქცევა. მე ამას საკუთარი ქვეყნის მტრობას დავარქმევდი, როდესაც დადიხარ და იმის ჩაწერას ითხოვ, რაც „მეგობარ აქტში” ეწერა – საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ მხოლოდ ხელისუფლებაზე ხომ არ არის საუბარი. ამას მტრობის გარდა სხვა სახელი არ ჰქვია, როდესაც ფულს იხდი იმაში, რომ შენს ქვეყანას ავნო.
ჩვენი სურვილები გაჟღერებული გვაქვს, ჩვენი ინტერესები და შეთავაზება საჯაროა, ჩვენ გვსურს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ექნება შინაარსი. ამას კი სჭირდება მხარეებს შორის საუბარი”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.