დავით ქართველიშვილი რადიკალებზე: „აკაცუკ-მოძრაობის” მსგავსი მარგინალური ჯგუფები ყველა ქვეყანაში „დემოკრატიის” ბუნებრივი ნარჩენია – ისინი საკმაოდ ხმაურიანები არიან, რითაც ფარავენ საკუთარ მცირერიცხოვნობას

„საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სეზონურად აღიზიანებს ხან კოღო, ხან კალია, რაც არ ხდება მათი ზოგადად განადგურების ზე-ამოცანის საგანი, პლანეტარული, ან ლოკალური მასშტაბით. მსგავსი დამოკიდებულება გვმართებს ჩვენი “აკაცუკ-მოძრაობის” მიმართაც, რაც, ასევე, არაა უნიკალური და “ქართული” მოვლენა – მსგავსი “თავის ტკივილი” სხვა საზოგადოებებსაც ახასიათებს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, „აკაცუკ-მოძრაობის” მსგავსი მარგინალური ჯგუფები ყველა ქვეყანაში „დემოკრატიის” ბუნებრივი ნარჩენია. ამავდროულად, ისინი საკმაოდ ხმაურიანები არიან, რითაც ფარავენ საკუთარ მცირერიცხოვნობას.

„ამ მოძრაობის მიუხედავად, საქართველოში მაინც მიმდინარეობს სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების კურსი (თუნდაც პერიოდული შიდასახელისუფლებო რყევების ფონზე); ეკონომიკა იზრდება, საზოგადოება, ძირითადად, მშვიდად ცხოვრობს და ქვეყანა აგრძელებს წინსვლას. ამ ფონზე, არსებობენ მცირე, აგრესიული და მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ყოველდღიურად შემოიტანონ დესტრუქციული ელემენტები საზოგადოებრივ, მშვიდ ცხოვრებაში. მსგავსი რადიკალური მიკროორგანიზმები მხოლოდ საქართველოში კი არა, სხვა ქვეყნებშიც არსებობენ.

მაგალითად: საფრანგეთში წლებია მოქმედებენ ულტრამემარცხენე და ეკოაქტივისტების ჯგუფები (Extinction Rebellion, Dernière Rénovation და სხვები), რომლებიც ბლოკავენ გზებს, საღებავით სვრიან შენობებს, მუზეუმებში აწყობენ არეულობებს. მათი რაოდენობა დღითიდღე მცირდება, მაგრამ ხმაურითა და პერფორმანსებით მასობრივი მოძრაობის შთაბეჭდილებას ქმნიან.

ფრანგების უმეტესობა მათ დესტრუქციულ და უტილიტარულ ჯგუფებად მიიჩნევს;

გერმანიაში მსგავსი როლი ეკისრება მოძრაობას „Letzte Generation”-ს („უკანასკნელი თაობა”), რომლებიც ასევე კეტავენ გზების სავალ ნაწილს, საღებავებით ამახინჯებენ ძეგლებს და ითხოვენ ნავთობისა და გაზის დაუყოვნებელ აკრძალვას. მათ მიმართ მხარდაჭერა დაბალია, თუმცა მედიის საშუალებით ქმნიან მუდმივი დაძაბულობის ეფექტს;

იტალიაში მცირე, მაგრამ აქტიურია ულტრაფემინისტური და ანარქისტული ჯგუფები, რომლებიც უნივერსიტეტების ირგვლივ იკრიბებიან. ისინი ატარებენ პერფორმანსებს ეკლესიისა თუ პოლიციის წინააღმდეგ, თუმცა საზოგადოებრივი გავლენა მათ მინიმალური აქვთ;

ამერიკის შეერთებული შტატები მრავლად არის მსგავსი ადგილობრივი მცირე მოძრაობები: ულტრამემარცხენე ანარქისტული ჯგუფები (Antifa), რადიკალური ეკოაქტივისტები (Just Stop Oil) და “კულტურის გაუქმების” კამპანიები (Cancel culture). მათი გავლენა მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში შეიმჩნევა, რეალურად კი, ისინი წარმოადგენენ პოლიტიზებული ურბანული ახალგაზრდობის მცირე წრეს;

კონსერვატიულ პოლონეთში პერიოდულად ჩნდებიან მცირე ლიბერალური ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტრადიციულ ღირებულებებსა და ეკლესიას.

მათი რესურსი უმეტესად დასავლური ფონდებიდან იკვებება და საზოგადოებრივი მხარდაჭერა თითქმის არ გააჩნიათ;

უნგრეთში, რომელიც ცნობილია თავისი კონსერვატიული კურსით, ასევე, არსებობს მცირე, მაგრამ ხმაურიანი ოპოზიციური ჯგუფები. ისინი ლიბერალური მედიის საშუალებით ცდილობენ მასობრივი მოძრაობის შთაბეჭდილების შექმნას, თუმცა რეალური პოლიტიკური წონა მცირე აქვთ.

ანუ, „აკაცუკ-მოძრაობის” მსგავსი მარგინალური ჯგუფები „დემოკრატიის” ბუნებრივი ნარჩენია. ისინი საკმაოდ ხმაურიანები არიან, რითაც ფარავენ საკუთარ მცირერიცხოვნობას; როგორც წესი, ფინანსდებიან უცხოური გრანტებიდან და ცდილობენ საზოგადოებაში მუდმივი დისკომფორტის შეტანას. ქვეყნებში, სადაც სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა არის დამკვიდრებული, ასეთ ჯგუფებს განსაკუთრებით ამჩნევენ – რადგან მათ პროტესტის მიზეზად არარსებული, გამოგონილი, პარანოიდალური მიზეზები აქვთ ამოჩემებული.

როგორც კოღოს თუ კალიას არსებობაა უსიამოვნო, თუმცა მათი სრულად განადგურება კიდევ ცალკე შიზოფრენიის საგანია, უბრალოდ, მოვიმარაგოთ ამ გამაღიზიანებელ ფაქტორებთან გამკვლავების მექანიზმები და შევძლოთ (რა გაეწყობა) ამ ყველაფერთან თანაცხოვრება. სადაც კაცობრიობამ დინოზავრები გააქრო დედამიწის ზურგიდან, „ჰომო საპიენსის” ევოლუციონირებასაც შეძლებს: ან განვითარების და გამოჯანსაღების გზით, ან მისი სრული დეგრადირებით პირველწყაროებთან – ნეანდერტალელებთან დაბრუნების სახით. დრო ყველაფრის მკურნალია”, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები