შალვა პაპუაშვილი: საუბრის ეშინია მტყუან მხარეს და ბრიუსელი დღეს არის მტყუანი საქართველოსთან მიმართებით
,,ყოველთვის გახსნილი ვართ საუბრისთვის მიუხედავად იმისა, თუ როგორი რადიკალები სხედან მაგიდის მეორე მხარეს”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რატომ არ ხვდებიან ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციას, რომელიც საქართველოში იმყოფება.
პაპუაშვილის თქმით, ,,ქართული ოცნება” ყველა ფორმატში სასაუბროდ მზადაა.
„თუ ვინმეს შეხვედრის სურვილი აქვს, მობრძანდნენ პარლამენტში და შევხვდებით. არ ვიცი კონკრეტულად რა დელეგაციაა და ვინ არიან საერთოდ. ჩვენ და პრემიერ-მინისტრმა ეს არაერთხელ განაცხადა, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის სახელით მზად არის შეხვდეს შესაბამის მხარეს და ვხედავთ, რომ ამაზე გამაყრუებელი სიჩუმეა. საუბრის ეშინია მტყუან მხარეს და ბრიუსელი დღეს არის მტყუანი საქართველოსთან მიმართებით.
სინამდვილეში ჩვენი მთავარი ძალა არის ჩვენს სიტყვასა და არგუმენტებში. ყოველთვის გახსნილი ვართ საუბრისთვის მიუხედავად იმისა, თუ როგორი რადიკალები სხედან მაგიდის მეორე მხარეს არის ეს ლევან ხაბეიშვილი, რასა იუკნევიჩიენე. მზად ვართ, რომ ყველას ვესაუბროთ ყველანაირ ფორმატში, რადგან ვიცით ჩვენი სიმართლე. სინამდვილეში ზუსტად ისინი არიან, ვინც თავს არიდებენ ამგვარ საუბარს, რადგან ეშინიათ.
ყველაზე დიდი შიში, რაც დღეს ბრიუსელს აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის სიტყვის შიში. მათ ჩვენი მართალი სიტყვის ეშინიათ. ბრიუსელი იკეტება, არ იმჩნევს იმიტომ, რომ იცის, როგორც კი აღმოჩნდება ქართველი ხალხის სიმართლის პირისპირ, იქვე დამარცხდება მათი ცრუ ნარატივი, რომელიც არ ვიცი რომელი სახელმძღვანელოდან, მაგრამ ფაქტია რაღაც სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდანაა ნაკარნახევი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.