გიორგი ცუცქირიძე: წამყვანი საკრედიტო სარეიტინგო კომპანიების ანგარიშებშიც კარგად გამოჩნდა, რომ ოპოზიციის მიერ კულტივირებული რევოლუციური მოლოდინები აცდენილი იყო როგორც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის, ასევე საერთაშორისო განწყობებს და რეალობას
ოპოზიციის მიერ კულტივირებული რევოლუციური მოლოდინები რომ აცდენილი იყო როგორც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის, ასევე საერთაშორისო განწყობებს და რეალობას, წამყვანი საკრედიტო სარეიტინგო კომპანიების ანგარიშებშიც კარგად გამოჩნდა, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, 4 ოქტომბერს კარგად გამოჩნდა, რომ საპარლამენტო საქმიანობის პერმანენტული ბოიკოტის რეჟიმი რითაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პოზიციონირებდა, სრული კრახისათვის იყო განწირული.
„4 ოქტომბერს, ჩვენთან განვითარებული „რევოლუციური“ პროცესების ფონზე, ბათუმი-სარფის გზის ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 306,6 მლნ ევრო გამოუყო, თავისი გვირაბით, ასაქცევი გზებით, უგრძესი ხიდით. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები არა თუ ხედავენ ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაფინანსების საჭიროებას, არამედ თვლიან, რომ საქართველოს სტაბილური და გრძელვადიანი განვითარების მაღალი პოტენციალი და მდგრადობა აქვს აქაური ოპოზიციურად განწყობილი სოციუმის და ევრობიუროკრატებისაგან განსხვავებით.
ნიშანდობლივია, რომ ამ შეთანხმებას წინ უსწრებდა „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6-დან 7%-მდე გაუმჯობესება, ხოლო „აზიის განვითარების ბანკამდე“, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც“ (EBRD) თავის პროგნოზი 6-დან 7 %-მდე გაზარდა.
ბუნებრივია, ეს პროგნოზები, მით უმეტეს, ცოტა ხნის წინ ერთდროულად გამოქვეყნებული აჩვენებს, რომ მოლოდინი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საწინააღმდეგოა, არანაირი რევოლუციის მოლოდინი არ ჰქონიათ, პირიქით, იყო და არის სტაბილურობის მოლოდინი, სხვანაირად ისინი პროგნოზს არ გააუმჯობესებდნენ.
ოპოზიციის მიერ კულტივირებული რევოლუციური მოლოდინები, რომ აცდენილი იყო როგორც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის, ასევე საერთაშორისო განწყობებს და რეალობას, წამყვანი საკრედიტო სარეიტინგო კომპანიების ანგარიშებშიც კარგად გამოჩნდა.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P“-მა აგვისტოს თვის მოხსენებში საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელად დატოვა „BB“ დონეზე სტაბილური პერსპექტივით.
S&P აღნიშნავს, რომ საქართველოს რეიტინგის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მთავრობის ვალის ზომიერი დონე, უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა, ძლიერი საბანკო სისტემა და შედარებით ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო წარმოადგენს.
S&P რელიზში ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რის საფუძველზეც სარეიტინგო სააგენტომ გაზარდა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე (აქამდე არსებული პროგნოზი იყო 5.7%).
ამასთან, მაისში კიდევ ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 30 მაისის განახლებულ შეფასებაში საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ „BB“ დონეზე, შეუნარჩუნა. სარეიტინგო სააგენტო რეიტინგის ძლიერ და სუსტ მხარეებში აღნიშნავს, რომ „BB“ რეიტინგი მხარდაჭერილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონით ანალოგიური რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, ასევე სანდო მაკროფისკალური პოლიტიკის ჩარჩოთი, ზომიერი სახელმწიფო ვალითა და ჯანსაღი საბანკო სექტორით.
თავის მხრივ, გაუმჯობესებული საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგები არის თავისებური პოზიტიური გზავნილები წამყვანი საფინანსო ინსტიტუტებისათვის საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
საპარლამენტო საქმიანობის პერმანენტული ბოიკოტის რეჟიმი, რითაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პოზიციონირებდა, სრული კრახისათვის, რომ იყო განწირული 4 ოქტომბერსაც კარგად გამოჩნდა.
ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე მიუხედავად მაღალი 66 ადგილიანი წარმომადგენლობისა, და საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაზე, ქვეყნის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური თემატიკის აქტუალიზაციის გარეშე, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს გზა მას სრულ მარგინალიზაციამდე მიიყვანდა.
4-მა ოქტომბერმა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ისიც კარგად აჩვენა, რომ მხოლოდ საგარეო მხარდაჭერის იმედად, როდესაც ხელისუფლების აქტიურად მხარდამჭერი ელექტორალური მასა მილიონს აღემატება, ხელისუფლების ქუჩიდან ცვლილება ყოველთვის უშედეგო იქნება, მით უფრო ცალკეული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების რევანშისტული განწყობების ფონზე“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.