მე-5 ქვეითმა ბრიგადამ დაბადების დღე აღნიშნა

მე-5 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 7 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე პირადმა შემადგენლობამ გორში, ბრიგადის ტერიტორიაზე აღნიშნა. სამხედრო მოსამსახურეებს დაარსების თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე, მეფეების არჩილისა და ლუარსაბის სახელობის ახლად გახსნილი ეკლესია დაათვალიერეს და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიებაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეეთა ხსოვნას.
დღესვე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამ სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი-საშტატო იარაღი გადასცა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უწყებრივი მედლებით 6 სამხედრო დააჯილდოვა. უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყებრივი მედლებით და მედლით „გენერალი კვინიტაძე“ 9 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.
ასევე ბრიგადაში ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე გორის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს, ცეკვისა და სიმღერის ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები