ტაივანმა 2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში რუსეთისგან დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ნაფთა (ნავთობქიმიური პროდუქტი, რომელიც სემიკონდუქტორების წარმოებისთვის გამოიყენება) შეისყიდა, რაც ქვეყანაში რუსული ნაფთას ყველაზე დიდი იმპორტის მაჩვენებელია,- ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, ტაივანში რუსული ნავთობის იმპორტი მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ენერგომატარებლების მზარდი მოთხოვნით და ალტერნატიული წყაროების სიმცირით არის გამოწვეული.
ტაივანმა ნაფთა 2025 წელს, 2024 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 44%-ით მეტი შეისყიდა, რაც მას მსოფლიოში უმსხვილეს მყიდველად აქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე შეუერთდა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების გაყიდვა შეზღუდა, მან რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტზე სამართლებრივი შეზღუდვების დაწესებისგან თავი შეიკავა.
ფინური ანალიტიკური ცენტრის — Centre for Research on Energy and Clean Air-ის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან ტაივანმა რუსეთიდან 6.8 მილიონ ტონა ნაფთა შეისყიდა, რომლის საერთო ღირებულება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს რუსეთის ნაფთას ექსპორტის დაახლოებით 20%-ია.
პარალელურად, ტაივანი საჯაროდ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. გასულ კვირას, პოლონეთში ვიზიტისას, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინ ჩია-ლუნმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიით დაზარალებული ბავშვების დახმარებას ითვალისწინებს.
როგორც მედია წერს, რუსულ წიაღისეულ საწვავზე მუდმივი დამოკიდებულება ტაივანს მნიშვნელოვანი სტრატეგიული და დიპლომატიური რისკების წინაშე აყენებს.