არჩილ გორდულაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებულად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენები
,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „დიფ სთეითის“ გავლენები განსაკუთრებულად იგრძნობა. მათ მიღებულ რეზოლუციას იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს, რომელზეც ეს რეზოლუცია დაიბეჭდება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„გასაგებია, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს ქართველი ხალხი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე არ მოსწონთ, ქართველი ხალხი ბედავს და იმ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის დაკვეთებს ასრულებს და არა მათ დავალებებს და მათ შეკვეთილ მუსიკაზე არ ცეკვავს. ერთია პოლიტიკური განცხადებები, მეორეა რეალობა, რომელსაც ისევ ევროსტრუქტურები თავიანთი შეფასებებით ადასტურებენ, რომ საქართველო გაცილებით უფრო წინა, ვიდრე, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებული ქვეყნები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი გაავრცელა.
რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს.
რეზოლუციის პროექტის ტექსტის თანახმად, საქართველოში სწრაფი უკუსვლა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.