ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-60 სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით „ცხოვრება უფლებებით: აუტიზმი, მზრუნველობა, მხარდაჭერა და ინკლუზია“, ღონისძიება გაიმართა
ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-60 სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით „ცხოვრება უფლებებით: აუტიზმი, მზრუნველობა, მხარდაჭერა და ინკლუზია“, ღონისძიება გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე. მოდერატორი, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე იყო.
სესიაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად არსებული გამოწვევები განიხილეს და იმ საუკეთესო პრაქტიკაზე იმსჯელეს, რომელიც აუტიზმის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ არის მიმართული.
ღონისძიებაზე მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
სესიაზე, ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის წევრი რეჰაბ მოჰამედ ბორესლი და სხვა ოფიციალური პირები.