მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი შეარჩია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატთა გამოვლენის მიზნით, კომისიის სხდომა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომისიის წევრებმა შეარჩიეს საუკეთესო ისტორიის მქონე 10 პედაგოგი, რომლებსაც 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, გადაეცემათ პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

„ვაგრძელებთ ტრადიციას – დღეს შეიკრიბა კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებით, ღვაწლმოსილი პედაგოგებით, საზოგადო მოღვაწეებით. საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დავდექით, რადგან ქვეყნის მასშტაბით შემოსული იყო 400-მდე განაცხადი არაჩვეულებრივი, ღვაწლმოსილი მასწავლებლების სხვადასხვა ისტორიით.

დაგვჭირდა საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ დეტალურად შეგვესწავლა თითოეული მათგანის ისტორია და გავცნობოდით მათ მართლაც გამორჩეულ მოღვაწეობას. ნამდვილად შთამბეჭდავია ის უდიდესი ამაგი, რასაც ჩვენი პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდაში დებენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება. მასწავლებლები, რომლებიც რეგიონების ღონისძიებებზე დაჯილდოვდებიან  27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ დასკვნით ღონისძიებას დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები