,,საზოგადოება ქართული” – მორალურ კვარცხლბეკზე შემდგარ კოლექტიურ ზურაბიშვილებს შევახსენებთ: თავადვე ხართ უცხოეთის ფულზე გაყიდული და ყოველგვარ ღირსებას მოკლებული აგენტები

“საზოგადოება ქართული” ნეოლიბერალების იმ ისტერიას ეხმაურება, რაც არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტსა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოჰყვა.

,,ქართველმა ნეოლიბერალებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ მორალური კვარცხლბეკი არის ის შემორჩენილი არეალი, სადაც მათ უპირატესობა აქვთ და უფლება ქართველი ერის უმრავლესობა დაამუნათონ.

მათი ეს ვირტუალური ზნეობრივი პიედესტალი, რუსთაველის ქუჩაზე შამანობასა და მდაბიო წყევლის კამპანიების აკომპანიმენტით, ისეთივე კომიკურია და უსაფუძვლო, როგორც უსამშობლო კოლექტიური ზურაბიშვილების ფუჭი ცდა, მორალი წაუკითხონ და ღირსება დაუწუნონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ორჯერ, 2011 და 2022 წლებში ქვეყნის ინტერესებისთვის გადადო არა მხოლოდ საკუთარი მილიარდიანი ქონება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი, ოჯახი და შვილების მომავალი.”- ნათქვამია წერილში, რომელიც “საზოგადოება ქართულის” დამფუძნებლებმა დღეს გაავრცელეს.

წერილში ქრონოლოგიურადაა აღწერილი საქართველოში თანამედროვე მეხუთე კოლონის ჩამოყალიბების ისტორია.

,,საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კრებსითად გამოხატა რადიკალების პოზიცია და ღირსება დაუწუნა ხელისუფლებას-თითქოს ოფიციალურად არ იყოს მაკ კეინის ფონდის ,,სტიპენდიანტი” და სულ რაღაც ერთი კვირის წინათ ტაივანის ,,ბენეფიციარ” თინა ხიდაშელთან ერთად ვაშინგტონში „ჰელსინკის კომისიის“ წინაშე არ ეცადოს საქართველოს მორიგი “გაშავება”.

ეს ქალბატონები და მათი სახით ზოგადად ე.წ. ნეოლიბერალური ტოტალიტარული “ბაბლი”, რომელთა პროფესია ქართულის საზიანოდ უცხოური ინტერესების დაცვაა, მრავალფეროვანია, მაგრამ არა მრავალრიცხოვანი.

ისინი ჩვენში ერთ დღეს არ გაჩენილან. გეოპოლიტიკური ინტერესების პრიზმაში დასავლეთის მმართველმა “დიფ სთეითმა” აქ საკუთარი მეხუთე კოლონის შექმნა და ახალი ქართველების გამოყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო.
წლობით გარედან დაორგანიზებული პროცესის შედეგად, საქართველოში აკადემიური და კრიტიკულად მოაზროვნე ქართული საზოგადოება კარგად დაფინანსებულმა და უცხოეთიდან მართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ჩაანაცვლა, ქართული პოლიტიკური სუბიექტები და მედია-საელჩოებიდან ,,ხელით მართვაზე” მყოფმა პარტიებმა და მათმა მედია ორგანოებმა, ეროვნული ღირებულებები-ნეოლიბერალურმა ვოუქურმა დოქტრინებმა, დიალოგი და ურთიერთპატივისცემა კი -სიძულვილის ენამ და განსხვავებული აზრის მატარებლების ტერორმა.

საქართველოს პრობლემა დღეს სწორედ რომ ქართული ჯანსაღი ოპოზიციის ნაცვლად, გარედან მართული და უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი აგენტურის არსებობაა, რომელსაც არც მორალი გააჩნია და არც ღირსება.
ამიტომაც მივესალმებით ქართული სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში გამოცხადებულ ქვეყნის სუვერენიზაციის მყარ პოლიტიკას, კანონმდებლობაში ღალატის მუხლის აღდგეს და გამჭვირვალობის ამერიკული ფარას კანონის მიღებას.

მხოლოდ გამჭვირვალობით, ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევით და უცხოეთზე მომუშავე სუბიექტების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის აკრძალვით არის შესაძლებელი გავთავისუფლდეთ ექსტრემისტი, ტერორისტული შიდა აგენტურისგან, რომლისთვისაც მთავარია არა ღირებულებები და მორალი, არამედ უცხოეთიდან ქვეყნის ინტერესების გაყიდვისთვის მიღებული სარგებელი.” – ნათქვამია “საზოგადოება ქართულის” წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები