საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის მე-10 და მე-20 ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

იუბილე თელავში, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას ახალი პირადი შემადგენლობა შეემატა. ბრიგადის წევრებმა ღვთისა და ერის წინაშე საზეიმოდ დადეს სამხედრო ფიცი.

ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები ახალი სარეზერვო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს უსაფრთხოების დაცვის საქმეში. მან რეზერვისტებს ფიცის დადება მიულოცა და საქართველოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ბრიგადების პირად შემადგენლობას სიტყვით

მიმართეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ – ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წარმატებული გვარდიელები დაჯილდოვდნენ თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“. სამხედრო მოსამსახურეებს სამკერდე ნიშნები – „ღირსეული გვარდიელი“, სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები