ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალის „ხიდი 2025“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში 5 -დღიანი პროექტი – ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი „ხიდი“ ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ფესტივალის დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი მეორედ ჩატარდა, რომლის დასკვნით ღონისძიებაზე მოეწყო პროექტის მონაწილე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ასევე, საღამოზე წარმოდგენილი იყო პოეტური ნაწარმოებები და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით შესრულდა სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები.

„უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მშვიდობას, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, საქართველოს ერთიანობასა და ქვეყნის მომავლის გაბრწყინებას.

გულწრფელი მადლობა ღონისძიების ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს სამშობლოსადმი მათი სიყვარულისა და ერთგულებისთვის. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგად მოხდება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.“ – განაცხადა დავით ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები