პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალი ეტაპი დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და 17 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 80 სპეციალობაში განხორციელდება.

„პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა. ისინი მოემზადებიან 80 სპეციალობაში – ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, არსებულ მოთხოვნად პროგრამებს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი.

„ახალი პროფესიული კურსებია: ურბანული მებაღეობა; კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი; სამშენებლო ხარჯთ აღმრიცხველი; ფიზიკური მომზადების მწვრთნელი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი; ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი; საიუველირო საქმის მასალათმცოდნე; ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი; მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ. მიმდინარე მიღებაზე, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული საკონკურსო ადგილები, რომელთა სრული ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.dasakmdi.ge“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადამზადდა, დაახლოებით, 12 000 მოქალაქე და მათი დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 75%-ს.

„კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 7 თვემდე პერიოდს და სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. მონაწილეთათვის, რომელთაც არ აქვთ ონლაინ კურსებზე წვდომის შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მედიათეკებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები