Responsible Statecraft: საქართველო აშკარად მიისწრაფვის – გაკვალოს საკუთარი გზა, რაც მოიცავს, პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაყენებას და შემდეგ იმ საკითხების გადაჭრას, რაც ამჟამინდელ მთავრობას დასავლეთის ქვეყნების მიერ რეჟიმის შეცვლის მცდელობებად მიაჩნია
“საქართველო აშკარად მიისწრაფვის, რომ გაკვალოს საკუთარი გზა, რაც პირველ რიგში მოიცავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაყენებას და შემდეგ იმ საკითხების გადაჭრას, რაც ამჟამინდელ მთავრობას დასავლეთის ქვეყნების მიერ რეჟიმის შეცვლის მცდელობად მიაჩნია”, – ამის შესახებ, გავლენიანი ონლაინ გამოცემა Responsible Statecraft-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ.
სტატიის ავტორი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დონალდ ტრამპის მისამართით გამოქვეყნებულ ღია წერილზე წერს, სადაც მიხეილ ყაველაშვილი “დიპ სტეიტის” აქტიურობაზე ამახვილებს ყურადღებას.
“პრეზიდენტი ყაველაშვილი თავის წერილში ტრამპს არწმუნებს, რომ აშშ-ის “დიფ სთეითი” კვლავ ისეთივე აქტიურია, როგორც უწინ, მიუხედავად პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილებისა, შეემცირებინა უცხოური დახმარება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხარდაჭერაზე”, – ვკითხულობთ სტატიაში.
იან პრაუდის სტატიაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებითაც გამახვილებულია ყურადღება. ავტორი აღნიშნავს, რომ გაწევრიანების გზა კვლავ შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კვლავ გამოხატავს მზადყოფნას მათი პირობების გათვალისწინებით ეს კურსი გააგრძელოს.
“ევროპული ელიტების მხრიდან საქართველო კვლავ გარიყულია, ნაწილობრივ იმ გაუგებარი მიზეზით გაღიზიანებისა და დეკემბრის ჩავარდნილი მცდელობის გამო, როდესაც ისინი შეეცადნენ ყოფილი ფრანგი დიპლომატი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად შეენარჩუნებინათ. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა კვლავ შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კვლავ გამოხატავს მზადყოფნას მათი პირობების გათვალისწინებით ეს კურსი გააგრძელოს”, – აღნიშნულია Responsible Statecraft-ის სტატიაში.