„აბსტრაქცია“ – კახაბერ ტატიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა კახაბერ ტატიშვილის პერსონალურ გამოფენას „აბსტრაქცია“ უმასპინძლებს.
ეროვნული გალერეის ინფორმაციით, გამოფენა 11 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება.
„ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში შექმნილი აბსტრაქციები. მათი უმრავლესობა პირველად იფინება. კ. ტატიშვილის ფერწერას გამოარჩევს ორიგინალური სახვითი ენა. მისი კომპოზიციები, პეიზაჟები თუ ნატურმორტები დახვეწილი ფერადოვნებით, ტექსტურებითა და სივრცითი გადაწყვეტით ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. აბსტრაქცირებულ კოპოზიციებში ზოგჯერ იკითხება სახვითი ფორმა; სივრცის განცდას ფერთა გააზრებული განლაგება, ფერწერული ზედაპირით შექმნილი ფაქტურები და უჩვეულო შუქჩრდილები ქმნის.
კახაბერ ტატიშვილი (დ.1964) 1980-84 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1993 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის მთავარ მხატვრად, სადაც მრავალი მუსიკალური დადგმის დიზაინი შექმნა.
მხატვარს ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის პრაღაში, ვარშავაში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, რომში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, სტამბოლსა და ბაქოში“, – წერის გავრცელებულ ინფორმაციაში.