„ორი წლის განმავლობაში გვაქვს რეალური შედეგები, თუნდაც ის, რომ 74 ახალი საწარმო გავხსენით“

 2012 წელს 71 მილიონის ღირებულების ხილის ექსპორტი განხორციელდა, 2014 წლის 8 თვის მონაცემებით კი 221 მლნ ლარის ღირებულების ხილია ექსპორტირებული; ასევე, 2012 წელს 73 მილიონი ლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, 2014 წელს კი ეს ციფრი 229 მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის პოლიტიკის შედეგად წახალისებულია მთელი რიგი დარგები.
„რეალურად გაჩნდა მოტივაცია, 4 ათას ჰექტარზე ახალი ვენახები გაშენდა; რაჭაში 30 ჰექტარი ხვანჭკარა და უსახელაურის უნიკალური ჯიშის ვენახები გაშენდა. 170 მილიონი ლარის ღირებულების თხილი არის რეალიზებული სამეგრელოში და ველოდებით, რომ დამატებით 30-40 მილიონი ლარის იქნება რეალიზებული. ეს არის რეალური შედეგები. მუდმივად მიდის სპეკულაცია, რას აკეთებს მთავრობა, მოსახლეობა ისევ გაჭირვებულია. როდესაც 2 მილიონი მოქალაქე ღარიბი გყავს, ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს ორ წელიწადში მათი ცხოვრების რადიკალურად შეცვლას, ეს წარმოუდგენელია. მინდა მოსახლეობას მივმართო, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი პრობლემები თანამიმდევრულად მოვაგვაროთ. ვზრუნავთ იმაზე, რომ რეგიონები და დანგრეული სოფლის მეურნეობა განვითარდეს. დღესაც არის რაიონები, სადაც სასმელი წყალი არ არის. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ საირიგაციო სისტემები იყო აბსოლუტურად გაპარტახებული და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ბიზნესი იყო ამ მილების ამოღება და გაყიდვა. ეს იყო ის ვითარება, რაც საქართველოში არსებობდა ორი წლის წინ“, – განაცხადა პრემიერმა და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, არსებული რეალობა სწორად მიიტანონ მოსახლეობამდე.
პრემიერ-მინისტრმა ასევე თხოვნით მიმართა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ, რას აკეთებს მთავრობა მოსახლეობის ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესების მიზნით.
„მუდმივად ისმის კითხვა, რას აკეთებს მთავრობა. ეს მიზანმიმართულია, რომ მოსახლეობას გაუჩინონ განცდა, რომ მთავრობა მათთვის არაფერს აკეთებს. ეს არის ტყუილი. ჩვენ ორი წლის განმავლობაში გვაქვს რეალური შედეგები, თუნდაც ის, რომ 74 ახალი საწარმო გავხსენით. საყოველთაო ჯანდაცვა, სოციალური დახმარებების გაორმაგება, პენსიების გაზრდა არის რეალური შედეგები, რაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ არ ხდება მოსახლეობამდე მიტანა. გიდასტურებთ მზადყოფნას, ვიყოთ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე და გაგვაკონტროლეთ, რას ვაკეთებთ მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით“, – მიმართა პრემიერმა მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი კომპონენტის დამატება პროგრამისთვის „აწარმოე საქართველოში“, არის იმის ნათელი დემონსტრირება, რომ მთავრობას რეგიონების განვითარება სურს.
„უახლოეს მომავალში რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისია შეიქმნება, რომელიც რეგიონების განვითარების მიმართულებით შემუშავებულ ხედვებს საზოგადოებას წარუდგენს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები