საქართველოს ელექტრონული მთავრობის გამოწვევები

აბსტრაქტი

განვითარებულ სახელმწიფოებში სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მოგვარების ინსტრუმენტს წარმოადგენს ელექტრონული მთავრობის მომსახურების სისტემა.
ელექტრონული მთავრობა (ე-მთავრობა) განიხილება, როგორც კრიზისის, პოლიტიკური რყევების სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების მართვის ეფექტური ფორმა. იგი წარმოადგენს ქვეყნის პროგრესის, მდგრადობის ხელშეწყობის, პოლიტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად პლატფორმას. მისი სტრატეგიის ეკონომიკური როლი განხილულია, როგორც ეკონომიკური რეცესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკის აღდგენის პროგრამა.
საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდგომ, ქვეყანა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გამოწვევებისა და პრობლემების მუდმივ დაძლევაშია. ამ დროიდან მოყოლებული მთავრობაც და საზოგადოებაც მუდმივად ეძებს ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის მიდგომებს, სოციალური საკითხების მოგვარების გზებს, სახელმწიფოს მართვის ქმედუნარიან ინსტრუმენტებს, რაც სხვადასხვა წლებში სხვადასხვა შედეგით იყო წარმოდგენილი. დღეს, მსგავს მიდგომასა და ინსტრუმენტს ელექტრონული მთავრობის სისტემა წარმოადგენს.
მოცემული სტატიის მიზანს საქართველოს ელექტრონული მთავრობის გამოწვევების წარმოჩენა და ინტერნეტ-მომხმარებლის დამოკიდებულების შეფასება წარმოადგენს.
სტატიაში მოცემულია საქართველოს ელექტრონული მთავრობის პროცესების მარკეტინგული კვლევის შედეგები, კვლევის შედეგად დადგენილი ელექტრონული მთავრობის პროცესების შემაფერხებელი მიზეზები და ძირითადი გამოწვევები, მათ შორის: სახელმწიფოს ინტერნეტ-რეგულირების საკითხი, რეგიონთაშორისი ციფრული უთანასწორობა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის აუცილებლობა, კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის პრობლემები, სოციალ-ეკონომიკური ფაქტორები.
1. საქართველოს ელექტრონული მთავრობის გამოწვევები
მიმდინარე ათასწლეულში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინფორმაციული ტექნოლოგიების რეალიზაციის, ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის, ელექტრონული მთავრობის განვითარების, ელექტრონული მომსახურების სისტემის გაფართოების, პროცესების ციფროვიზაციის, მშპ-ში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წილის ზრდის მიმართულებით.
ქვეყანა მოწინავეა ელექტრონული ჩართულობის ამაღლების, ცენზურის შემცირების, განათლების, აქტივობის, ინფორმაციული თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების ზრდის კონტექსტში.
პოზიტიური ფაქტორების მიუხედავად ქართული საზოგადოების წინაშე გვხდება ელექტრონული მთავრობის პრობლემების ფართო სპექტრი, რომელიც მარკეტინგული კვლევის საფუძველზე იქნა შესწავლილი.
მარკეტინგულმა კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა ინტერნეტ-რეგულირების საკითხი, რომელიც ჯანსაღი და დემოკრატიული საზოგადოების ხელშემწყობი ინსტრუმენტი, უსაფრთხო ინტერნეტ-ბაზრის ფორმირების საშუალება თავისუფლების ხარისხის საზომი და ელექტრონული მთავრობის მომსახურების სისტემის განვითარების უზრუნველმყოფია.
კვლევამ ცხადყო, რომ ქართული ინტერნეტ-გარემო საჭიროებს ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას (მიიჩნევს რესპონდენტთა 23,3%), სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს (ფიქრობს რესპონდენტთა 12,2%), საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს (აღნიშნავას გამოკითხულთა 8,5%). ამასთან, რესპონდენთა 15,2% თვლის, რომ ინტერნეტი საზოგადოებრივი თვითრეგულირებისაა და შესაბამისად, არ საჭიროებს სახელმწიფოს ჩარევას. მათი შეფასებით სახელმწიფოს ინტერნეტ რეგულირებაში ჩარევა ნიშნავს დემოკრატიული ღირებულებების, სიტყვის თავისუფლების, შეხედულებებისა და აზრის გამოხატვის ხელყოფას, გამოკითხულთა 14,9% იზიარებს იმ აზრს, რომ ინტერნეტის კონტროლი შეუძლებელია, ხოლო 25,9%-მა თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან (იხ. წრიული დიაგრამა 1).
წრიული დიაგრამა 1

sasdasd
ინტერნეტ-გარემოს რეგულირება
საქართველოში ელექტრონული მთავრობის პროცესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების შეფასებისას მომხმარებელთა 26,3% ასახელებს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემას (ფასი, გავრცელების არეალი და სხვა), გამოკითხულთა 24,8% თვლის კომპიუტერიზაციის დაბალ დონეს (კომპიუტერის ფასი, ყიდვის შესაძლებლობა, მისაწვდომობა), რესპონდენტთა 22,7%-მა ასახელებს ICT-ის სფეროში წიგნიერების დაბალ დონეს, კვლევაში მონაწილე პირთა 22,2% აღნიშნავს ინტერნეტის დაბალ სიჩქარეს, რესპონდენთა 22,1% ხაზს უსვავს დაბალ ინფორმაციულობას (ელექტრონულ მთავრობაზე), გამოკითხულთა 18,1% კი ელექტრონული მთავრობის ეროვნული სტრატეგიის უქონლობას. ასევე ინტერნეტ-მომხმარებელი ფიქრობს, რომ ელექტრონული მთავრობის პროცესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორებია: არასათანადო სამართლებრივი გარემო, ელექტრონული მთავრობის მომსახურების სპექტრი, ნდობის უქონლობა, არაეფექტური პროდუქტები, ციფრული ხელმოწერის მფლობელთა მცირე რაოდენობა, მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა, ინტელექტუალური საკუთრებისა და კოპირაითის დაცვა (იხ. ჰისტოგრამა 2).
ჰისტოგრამა 2

10735851_1542136589357437_1530252249_n
ელექტრონული მთავრობის პროცესების შემაფერხებელი მიზეზები
აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი უთანასწორო სახელმწიფოა. უთანსწორობა, რომელიც არსებობს ციფრულ გარემოში გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე.
ციფრული უთანასწორობა წარმოადგენს სოციალურ პრობლემას, რომელიც გულისხმობს განსხვავებას ინტერნეტ-ქსელთან, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან, მედიასთან წვდომის მქონე პირებსა და წვდომის არ მქონე პირებს შორის (internetworldstats.com).
გაეროს კვლევის (E-GOVERNMENT SURVEY 2014) ანგარიშით საქართველოს ციფრული უთანასწორობა განპირობებულია მოსახლების ნახევარზე ნაკლების მიერ ინტერნეტ მოხმარებითა და შემოსავლების დაბალი დონით.
მნიშვნელოვანი უთანასწორობაა ტექნოლოგიურ უნარების, ციფრულ წიგნიერების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მისაწვდომობაში, ინფორმაციულ ცოდნასა და რესურსების ფლობაში. რეგიონებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა ICT-ის მისაწვდომობის კუთხით.
კვლევისას დადგინდა, რომ რეგიონებში უფრო მაღალი უთანასწორობაა ვიდრე თბილისში. რესპონდენთა უმრავლესობას (51%) მიაჩნია, რომ თბილისსა და რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობა საშუალო და მაღალი დონისაა, ინტერნეტ-მომხმარებელთა 13,9%-იზიარებს იმ აზრს, რომ უთანასწორობა მაღალი არაა, ხოლო კვლევაში მონაწილე პირთა 35,1% ვერ აფასებს უთანასწორობის დონეს
(იხ. წრიული დიაგრამა 3).

10743458_1542136582690771_1373299950_n
წრიული დიაგრამა 3
საქართველოს თბილისსა და რეგიონთაშორისი
ციფრული უთანასწორობის შეფასება
ემპირიულ კვლევებში ციფრული უთანასწორობა განხილულია, როგორც სოციალური ფენომენი, რომელიც ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის ბარომეტრია.
ციფრული უთანასწორობის დახასიათების დროს, ინტერნეტიზაციისა და კომპიუტერიზაციის ასპექტების გარდა მნიშვნელოვანია ინტერნეტის ხარისხი, სიჩქარე, სერვისი, მისაწვდომი ფასები, მოსახლეობაში ინტერნეტ-შეღწევა, მობილური კავშირისა და სატელეფონო სისტემის გამოყენება, ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. საერთაშორისო კონტექსტში ზოგიერთი ქვეყანა მეტადაა აღჭურვილი, ვიდრე განვითარებადი ქვეყნები, იმისათვის რომ ისარგებლონ სწრაფად განვითარებადი ინტერნეტის ფასეულობით (internetworldstats.com).
საქართველოს, რეგიონებსშორის ციფრულ უთანასწორობის შეფასებასთან დაკავშირებით, რესპონდენტთა 29,7% უთანასწორობის გამომწვევ ფაქტორად ასახელებს რეგიონებში არსებულ დაბალი ხარისხის ინტერნეტს (თბილისთან შედარებით), რესპონდენტთა 29,6% თვლის ICT-ში განათლებისა და ცოდნის დონეს, გამოკითხულთა 26% მიიჩნევს სოციალურ-ეკონომიკურ ფონს, კვლევაში მონაწილე პირთა 18,6% აღნიშნავს რეგიონებში პროფესიონალური კადრების დეფიციტს, გამოკითხულთა 18,4% ასახელებს დაბალ ინტერნეტ-კულტურასა და უნარ-ჩვევებს, რესპონდენტთა 15% ასახელებს რეგიონის მოსახლეობის დაბალ აქტივობას. ინტერნეტ-მომხმარებელთა 13,8% ფიქრობს, რომ უთანასწორობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ინფორმაციული ვაკუუმი. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ რეგიონებში დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო ინტერნეტ-კომპანიების ინტერესის მხოლოდ დიდ ქალაქებზეა ფოკუსირებული (მიიჩნევს რესპონდენტთა 7,8), ასევე, გამოკითხულთა 7,2% აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მზაობა, მხოლოდ თბილისის ელექტრონულ განვითარებაზეა ორიენტირებული, ვიდრე რეგიონებზე (იხ. ჰისტოგრამა 4).
ჰისტოგრამა 4
საქართველოს რეგიონებსშორისი ციფრულ უთანასწორობის გამომწვევი მიზეზები
საქართველოს ციფრული უთანასწორობის გამომწვევ მიზეზად გვევლინება ციფროვიზაციის პოლიტიკა, მოსახლეობის დაბალი შემოსავლები, კომპიუტერიზაციის დაგვიანებული პოლიტიკა, ინფორმაციულობა, ინტერნეტ-წიგნიერება და სხვა;
საქართველოს რეგიონებში სავალალო მდგომარეობაშია ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურა, რომელიც არათანაბრადაა განვითარებული. ქვეყანაში შეუძლებელია ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სრული სურათის ასახვა. არ მოიპოვება ინფორმაცია ქვეყნის ინფრასტრუქტურის (ტელეკომუნიკაცია, ენერგეტიკა, გზა, წყალი) საერთო მდგომარეობის შესახებ, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის საჭირო ვადების, მოდერნიზებისათვის საჭირო ხარჯების, დაფინანსების სავარაუდო წყაროების, მოდერნიზებისათვის საჭირო ტექნოლოგიებისა და კადრების თაობაზე).
განვითარებულ ინფრასტრუქტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინტერნეტ-ბაზრის განვითარების, ეკონომიკური ზრდის მიღწევის, სიღარიბის მასშტაბების შემცირებისა და სამუშაო ადგილების შექმნისათვის. განვითარებადი ქვეყნების ინფრასტრუქტურული საჭიროება განიცდის დიდი მოცულობის დაფინანსების საჭიროებას, რაც შეიძლება ეფექტურად განხორციელდეს სახელმწიფო-კერძო სექტორის პარტნიორობის საფუძველზე მოზიდული კაპიტალითა და ფინანსური გარანტიების ინსტრუმენტების გამოყენებით. სადაც, სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება გამოყენებული იქნას ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტირების მიმზიდველობისა და გაუმჯობესების რისკების მინიმიზაციით (WORlD BANK. Report 2013) .
ხაზგასასმელია საკადრო პრობლემების საკითხი, განსაკუთრებით სახელმწიფო სტრუქტურებში, ტელეკომუნიკაციის სფეროში. ქვეყანაში კადრების დეფიციტსა და არაკვალიფიციურ კადრებზე „მსჯელობის პირობებში“ ადგილი არ აქვს პრობლემის კვლევასა და ანალიზს. მაგალითად, უცნობია კერძო თუ სახელმწიფო სექტორისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების რაოდენობა. უცნობია უცხოელი სპეციალისტების მოზიდვაზე გაწეული საშუალოწლიური ხარჯი, უცნობია ადამიანური კაპიტალის სრული ბაზის შექმნისათვის საჭირო ფინანსური რესურსის რაოდენობა და დრო. ფაქტობრივად კი, ქვეყანაში არ ხდება არსებული შრომითი რესურსებისა და პოტენციალის ეფექტური გამოყენება და მართვა. კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები დაინტერესებულნი არ არიან ქართველი მეცნიერ-მკვლევართა პოტენციალის ათვისებითა და მმართვაში ჩართვით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ელექტრონული მთავრობის ტექნოლოგიებს განიხილავენ ეკონომიკური რესურსის სახით, რომლის გავრცელებას ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. შესაბამისად, ელექტრონული მთავრობის განვითარების დონეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს ქვეყნის განვითარებისა და სოციალ-ეკონომიკური სარგებლის ზრდასთან
ნიშანდობლივია ნაჩვენები იქნას კვლევის შედეგი, რომლის ფარგლებშიც აქცენტი გაკეთდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრიორიტეტების გამოვლენასა და შესწავლაზე. კვლევის შედეგების თანახმად, ქართველ რესპოდენტთა 25%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყანაში არსებული რესურსები, რესპონდენტთა 26,3% ფიქრობს, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს ბიზნეს სექტორის ინიციატივები და ინოვაციები, გამოკითხულთა 23,6%-ს აზრით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად პრიორიტეტს ულტრაღარიბი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება უნდა წარმოადგენდეს. კვლევაში მონაწილე პირთა 22,6%-ს სურს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრიორიტეტი ელექტრონული მთავრობის განვითარება უნდა იყოს. ასევე, კვლევაში მონაწილე პირები ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითად პრიორიტეტი იყოს ფინანსური და სადაზღვევო სექტორის მომსახურებასთან ხელმისაწვდომობა, მეცნიერების ხელშეწყობა, ინოვაციები ტელეკომუნიკაციის სექტორში, ციფროვიზაციის პოლიტიკა და სხვა. (იხ.ჰისტოგრამა 5).
ჰისტოგრამა 5
საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტი
მარკეტინგული კვლევისას პროცესში ელექტრონული მთავრობის მომსახურების ანალიზისა და შეფასებისას, რესპონდენტთა 32,6% ეყრდობა პირად აზრსა და შეხედულებას, გამოკითხულთა 21,5% – ფაქტობრივი მონაცემს, კვლევაში მონაწილე პირთა 20% შეფასებას ახორციელებს საზოგადოებაში არსებული შეხედულებითა და მოსაზრებით, მომხმარებელთა 15,1% მსჯელობს მედიაში არსებული ინფორმაციით, ინტერნეტ-მომხმარებელთა 5,5% ეყრდნობა მეცნიერულ ნაშრომებსა და კვლევებს, ხოლო რესპონდენტთა 5,3% – სხვა წყაროებს.
შეჯამება
კვლევის ანალიზის საფუძველზე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ელექტრონული მთავრობის სისტემის გამოწვევებისა და პრობლემების სპექტრი მრავალფეროვანია. შესაბამისად, გამოწვევების პასუხს მხოლოდ ერთი ან ორი კომპონენტი არ წარმოადგენს, რაც მეტყველებს მისი სისტემური და კომპლექსური მიდგომის საჭიროებაზე.
ქართველი რესპონდენტების 44%-ს საჭიროდ მიიჩნევს ინტერნეტ-გარემოს რეგულირებას კანონებით, სახელმწიფოს ადმინისტრირებითა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებით;
ნაშრომში განსაზღვრულია საქართველოს ელექტრონული მთავრობის პროცესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები, სადაც მომხმარებელი კრიტიკულად აფასებს ინტერნეტისა და კომპიუტერის ხელმისაწვდომობას, ინტერნეტ-წიგნიერებას, ინფორმაციულობას, ინტერნეტ-სიჩქარეს, სტრატეგიის უქონლობას, დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს.
ციფრული უთანასწორობის შემუშავებისათვის საჭიროა მარკეტინგული პროგრამების განხორციელება, სახელმწიფოს მხარდამჭერი და ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება. რეგიონთაშორისი ციფრული უთანასწორობის შემცირება უნდა გახდეს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობის მიზანი და ამოცანა.
ჩატარებული კვლევის შედეგად რეკომენდირებულია, რომ საქართველოს განვითარების ძირითადი პრიორიტეტი იყოს სახელმწიფოს ფოკუსირება არსებულ რესურსებზე, ინოვაციებსა და ელექტრონული მთავრობის განვითარებაზე.
ასევე, საქართველოს ელექტრონული მთავრობის გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შეიძლება განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
 საქართველოში ინტერნეტ-მომხმარებელთა მცირე სეგმენტმა იცის ელექტრონული მთავრობის მომსახურების სრული სპექტრი. შესაბამისად, ელექტრონული მთავრობის სისტემა საჭიროებს ინფორმაციულ პროპაგანდას, სასწავლო პროგრამებს, ფინანსურ მხარდაჭერას (საბიუჯეტო დაფინანსების ზრდას), რეგიონის მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის კომპიუტერისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას (რეგიონებში), ინტერნეტ-წიგნიერების ამალების ღონისძიებებს, ონლაინ მომსახურების ფართო სპექტრსა და აპლიკაციებს;
 საქართველოში, პრაქტიკულად შეუძლებელია მოიპოვო ინფორმაცია ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ (ინფორმაცია არ არსებობს), ხოლო სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ან არ გპასუხობენ (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) ან გპასუხობენ, რომ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო). შესაბამისად, ქვეყანაში რთულია განსაზღვრო ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობა, ასახო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საჭირო ხარჯი, ვადა და რესურსი. შესაბამისად, პრობლემების შესწავლისა და შეფასების გარეშე წარმოდგენილი განვითარების სტრატეგიული გეგმები ზოგადია;
 ქართულ რეალობაში ელექტრონული მთავრობის უსაფრთხოებაზე, გამოწვევებსა და საფრთხეებზე ფოკუსირება საჭიროებს სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო ორგანოების თანაბარმონაწილეობით ზრუნვას.
 მნიშვნელოვანია უსაფრთხო ელექტრონული მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო ახალი ტექნოლოგიები, პოლიტიკა, პროცედურები, კანონები და დარგობრივი სტანდარტები;
 ქვეყანაში იქმნება მეცნიერული შრომები, წარმოებს კვლევები, იწერება რეკომენდაციები, თუმცა სახელმწიფო მმართველობით საქმიანობაში მეცნიერული შრომების გამოყენების პრაქტიკა მწირია. მართვის ეფექტურობის ამაღლებისათვის აუცილებელია გაძლიერდეს სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობა სამეცნიერო საზოგადოებასთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, პროფესონალ კადრებთან და ელექტრონული მართვის სფეროს მკვლევარებთან. გარდა ამისა, ქვეყანაში ყურადღება უნდა მიექცეს პროფესორ-მასწავლებლებს, მოხდეს მათი პოტენციალის გამოყენება, არ იქნას უგულებელყოფილი მათი აქტივობა და მეცნიერული შეხედულებები, მოხდეს მათი ჩართვა სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავებაში;
 და ბოლოს, ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისა და სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში ლოკომოტივის როლი ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ უნდა იტვირთოს (მათ შორის საქართველოს ციფრული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში).
ეკონომიკის დოქტორი-ექსპერტი
რატი აბულაძე
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “კვირა“ პირველი მედიასაშუალებაა, რომელიც აღნიშნულ კვლევას აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები