აბიტურიენტთათვის ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია 20 თებერვალს იწყება
აბიტურიენტთათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყება და 21 მარტამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, აბიტურიენტები როგორც წესი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.
მიმინოშვილის განმარტებით, 18 თებერვალს, აბიტურიენტთათვის სპეციალურად, საინფორმაციო ბუკლეტი გამოქვეყნდება, სადაც ეროვნული გამოცდების სიახლეების შესახებ ინფორმაცია განთავსდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა 2014 წლის ეროვნული გამოცდების სიახლეებზეც ისაუბრა. “აბიტურიენტებისთვის უცხოური ენის ტესტს მოსმენის დავალება დაემატა. 100 -ქულიანი ტესტიდან მოსმენას 8 ქულა დაეთმობა და მოსმენისთვის 8-10 წუთია გათვალისწინებული. ამ სიახლისთვის სავარჯიშო ტესტები დისკის სახით ყველა საჯარო სკოლაში უკვე დარიგდა”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
გარდა ამისა, წელს, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ჩააბარონ. როგორც მაია მიმინოშვილმა განაცხადა, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კიდევ ერთი სიახლეა მოსალოდნელი.
“ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 20-დან 23 ქულამდეა – აბიტურიენტმა 24 ქულა მაინც უნდა მიიღონ, რომ უპირობოდ გააგრძელონ კონკურსში მონაწილეობა, თუმცა, ცვლილებების გათვალისწინებით, ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებს ის აბიტურიენტი, რომელმაც შედარებით რთული ვარიანტი დაწერა”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.