ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა

  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჰანს თიმერს (Hans Timmer) შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის ახალი სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის – “საქართველო 2020” პროექტს. „შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა. 18 თებერვალს, თბილისში საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ორგანიზებით, იხსნება მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი სახელწოდებით: „ეკონომიკური ზრდის გამოწვევები საქართველოსთვის,“ რომელსაც მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰანს თიმერიც დაესწრება. შეხვედრაზე მოვისმენთ მის მოსაზრებებს, რათა ერთობლივად ჩამოვაყალობოთ ხედვები ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. ჰანს თიმერმა ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა.
„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ განვიხილეთ პროგრესი, რომელსაც მიაღწია ქვეყანამ, აგრეთვე მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხები. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგია პასუხობს ყველა იმ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ. ესენია: ინტეგრაცია საერთაშორისო ბაზარზე, ქვეყნის შიგნით კონკურენტუნარიანობის ზრდა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რათა მოსახლეობის ყველა ფენამ იგრძნოს ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სარგებელი,“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჰანს თიმერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები