Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის Fitch-ის მიერ საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგის მინიჭებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. როგორც მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესება რამდენიმე ძირითად ფაქტორებს ემყარება. ირმა ქავთარაძემ ერთ-ერთ ფაქტორად, საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო დაასახელა.
„საქართველო მტკიცედ აგრძელებს ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) თანამშრომლობის ფარგლებში; საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო, რომელიც ასევე დადასტურებულია მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში მე-8 ადგილით; საქართველოს ეკონომიკური პროგრესი, რომელსაც ხელს უწყობს პოლიტიკური სტაბილურობა, რომლის დასტურია მესამე – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ძალაუფლების მშვიდობიანი და გამჭვირვალე გადაცემა; საქართველოს ინსტიტუციური გაძლიერება, რომელიც დადასტურებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ; ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და ბიზნესის მხრიდან ნდობის ამაღლებით, რომელიც თავის მხრივ, განპირობებულია კორუფციის შემცირებით; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც, თავის მხრივ მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ. ევროკავშირის ბაზარზე უფრო ადვილი ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერიოდში“, – აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ ნდობის კიდევ უფრო გაზრდისთვის, ასევე იგი პოზიტიური სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა დაადასტურა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი “BB-“ ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.