“ოპოზიციური პროტესტის მინორულ ფორმატში გადასვლას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, არა მხოლოდ ოპოზიციური განხეთილება” – გიორგი ცუცქირიძე

“ევროპარლამენტის განცხადება, რომელიც დღეს დილიდან გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რომ არ აღიარებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ხოლო ქვეყნის ევროპული გზა შეჩერებულია, სანამ არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, წესით, საპროტესტო აქციის რიცხოვნობაზე უნდა ასახულიყო”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი  ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, შეიძლება, მნიშვნელოვნად არა, მაგრამ წინა აქციებზე მეტი ხალხი უნდა ყოფილიყო.

“რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ გარედან ვერც ამ ღია მხარდაჭერამ შეცვალა პროტესტის სურათი.

ოპოზიციური პროტესტის მინორულ ფორმატში გადასვლას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, არა მხოლოდ ოპოზიციური განხეთილება, რომელიც ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს პირობითად ბოიკოტის მომხრეებსა და კოლაბორაციონისტებს შორის.

თუ დავუკვირდებით, ოპოზიცია გაუთავებლად საუბრობს ვიზალიბერალიზაციის მოსალოდნელი შეჩერების ნეგატიურ ფაქტორებზე და საერთოდ არ ეხება მთავარს ანუ იმ მოთხოვნებს, რაც კაია კალასის სახელით გამოგზავნილ წერილშია ჩამოყალიბებული და რომელთა არ შესრულებას მოჰყვება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, რომ სასურველი არ არის, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფაქტორთა გამო, ამაზე არც არავინ დავობს.

ოპოზიციის მთავარი პრობლემაც ამაშია. როდესაც შენ არა თუ პროტესტი არ გიჩნდება იმ იმპერატიულ ტონზე, რომლითაც ბრიუსელი მიმართავს კანდიდატ ქვეყანას, არამედ მთლიანად ეთანხმები. მეტიც, რაც არათუ პოზიციების დაახლოებას და გაწევრიანების დაჩქარებას, არამედ მთლიანად ქვეყნის გარიყვას უფრო ემსახურება, და ამას ოპონენტებთან ნიშნისმოგებით აკეთებ, მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს, მოსახლეობის მხარდაჭერის დაკარგვის. ამ ნარატივის გაგრძელებაა სასომხეთი, რომ თურმე ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი ყოფილა შავი ზღვის რეგიონში !? ამ ქვეყანაში გარდა ყბადაღებული ევროინტეგრაციის სიკეთეებისა, ნეგატიური საბჭოთა ისტორიული მეხსიერება და თავმოყვარეობაც არსებობს.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია პოზიციის არქონა და იგნორი წერილში წამოყენებულ მოთხოვნებზე მოქმედი კანონმდებლობის შეცვლის თვალსაზრისით. გამჭვირვალობის კანონმდებლობაზე, რუსულ კანონად რომ მონათლეს, მათი პოზიცია მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ საერთოდ არ საუბრობენ მხარს უჭერენ თუ არა ოჯახური სიწმინდის კანონის გაუქმებას, და ლგბტ თემის ირგვლივ კანონმდებლობის ლიბერალიზაციას, ერთსქესიანთი ქორწინების დაკანონებით რა რისკებს შეიცავს, რა ზეგავლენა ექნება ქართულ სოციუმზე, დემოგრაფიაზე და ა.შ. ოპოზიცია საერთოდ გაურბის ისეთ აქტუალურ და მტკივნეულ თემებს როგორიცაა მიგრანტთა კრიზისი ევროკავშირში და ბრიუსელის მხარდაჭერილ საემიგრაციო კვოტებს, მულტიკულტურიზმის ფორმატში.

ერთი მხრივ, გასაგებია მათი დუმილი, შეიძლება ელექტორალურად წამგებიანი პოზიციის თუ უცხოური დამფინანსებელი ფონდების გამო, მაგრამ მეორე მხრივ ხალხს აინტერესებს მათი თვალსაზრისი, რადგან მათ მომავალს ეხება პირდაპირ თუ ირიბად.

დღეს ინტერნეტი მოიცავს ფაქტობრივად მთელ საქართველოს დაბების და სოფლების ჩათვლით. შესაბამისად, ინფორმაციას ყველა იღებს ტელეეთერებიდანაც და სოციალური ქსელებიდანაც მობილური სატელეფონო არხებით და ინფორმაციის გარჩევა და გაანალიზებაც მშვენივრად შეუძლია.

მუდმივად სადღეგრძელოების სტილში იმის ძახილი- ხელისუფლება რომ ცუდია, სულაც არ არის საკმარისი მის შესაცვლელად თუ ადამიანები უკეთეს ალტერნატივას ვერ დაინახავენ.

ნეგატივით გაჟღენთილი ცრუ მოლოდინების ტირაჟირება გაურკვეველ მოლოდინებს ქმნის, მით უმეტეს დაძაბულობა მსოფლიოში და ჩვენს ირგვლივ კი არ მცირდება, პირიქით იზრდება. მათ ავიწყდებათ, რომ ხალხი მართლა ბრძენია, ხოლო ხშირად ისტორიული მეხსიერება უფრო პრიორიტეტულია დაპირებებზე და ვარდისფერი სათვალით დანახულ მომავალზე”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები