მცხეთა-მთიანეთის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სარწყავ სისტემებზე არსებული მდგომარეობა, რწყვის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიგლა თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობაზე, ასევე, კომპანიასა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე.
„სარწყავი წყლით დადგენილი წესით სარგებლობისთვის, ფერმერებმა საქართველოს მელიორაციასთან წყალსარგებლობის შეთანხმება უნდა გააფორმონ, რათა წყლის არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება, სწორად მართვა და განაწილება შევძლოთ“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.