მარიამ ლაშხი კურსდამთავრებულებს: თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ, ძალისხმევამ და უსაზღვრო მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო და გახდით ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლები

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მსურს მოგილოცოთ უნივერსიტეტის დამთავრება და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. დღეს თქვენ არამხოლოდ უნივერსიტეტს ამთავრებთ, არამედ იწყებთ ახალ, გაცილებით უფრო დიდ და მნიშვნელოვან საქმეს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა შესაძლებლობა მოგცათ მიგეღოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლება, რაც ამ უნივერსიტეტში მოღვაწე მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებისა და აკადემიური პერსონალის დამსახურებაა. თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ, ძალისხმევამ და უსაზღვრო მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო და გახდით ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლები – მედიკოსები. თქვენ საქართველოს მომავალი და წინსვლის გარანტია ხართ”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტის წევრებმა ვლადიმერ კახაძემ და იოსებ ჯორბენაძემ.

გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების და საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. მათ პრიზები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები