იურისტის განმარტებით, მოკლული ქალის საჩივრის შესაბამისად პოლიციის რეაგირება საკმარისი იყო

იურისტი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული მარია (მაკა) წივწივაძის საჩივარზე სამართალდამცავების რეაგირება იმ ეტაპისთვის საკმარისი იყო, რადგან კანონის შესაბამისად სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე გაკეთებული საჩივრისას მოძალადეს თავდაპირველად ახსნა-განმარტება და გაფრთხილება ეძლევა, ხოლო წივწივაძეს შემაკავებელი ორდერი არ მოუთხოვია. იურისტის განმარტებით, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება არის ძალადობა, რაც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და პოლიცია ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს. მისივე თქმით, პროცედურის თანახმად, მოძალადე, ამ შემთხვევაში ყოფილი ქმარი შეიძლება დაიბარონ პოლიციაში და მას ახსნა-განმარტება და გაფრთხილება მისცენ, ასევე დაადებინონ პირობა, რომ იგივე ქმედება აღარ განმეორდება. კობახიძის განმარტებით, ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია რეაგირებას ამძაფრებს, საბოლოოდ კი საქმე შესაძლოა, შემაკავებელ ორდერამდე მივიდეს. „პროცედურა არის ასეთი – შეიძლება მეუღლე, ვინც ძალადობას ახორციელებს, დაიბარონ პოლიციაში და მას მიეცეს ახსნა-განმარტება და გაფრთხილება – ეს არის პირველი რეაგირება. აქ მოქმედებას ე.წ. თანაზომიერების პრინციპი – ჯერ სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევენ, თუ მაინც გართულდა სიტუაცია, ან აგრძელებს შეურაცხყოფას, ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ წერილობითი ხელწერილითაც დაადებინონ პირობა. პოლიცია რეაგირებას სიტუაციის გართულების პარალელურად ამძაფრებს. საერთო ჯამში, საქმე შესაძლოა, შემაკავებელ ორდერამდე მივიდეს“, – აცხადებს იურისტი. მისივე თქმით, წივწივაძის მკვლელობის ფაქტზე პოლიციის დანაშაული არ იკვეთება, რადგან პროცედურების შესაბამისად სამართალდამცველების რეაგირება იყო შესაბამისი. „პოლიცია თავდაპირველად მაქსიმალურად რბილ ზომას მიმართავს. კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ზომებიც გამკაცრდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მკვლელი პირდაპირ დიდ აგრესიაზე გადავიდა და მოკლა მეუღელე. ასეთი რამ კი წინასწარ გათვლადი არ არის. როგორც წესი, აგრესია მძაფრდება და მერე მიდის რაღაც შედეგამდე. ამ შემთხვევაში, რადგან პირველი რეაგირების შემდეგ ეგრევე მოკლა, პოლიციას ვერ დავაბრალებთ, რომ ვერ გათვალა და არ იყო პროგნოზირებადი. იმ ეტაპისთვის პოლიციის რეაგირება საკმარისი იყო. ეს რომ მრავლაჯერადი ყოფილიყო და პოლიციას არ ჰქონოდა რეაგირება, გამოიკვეთებოდა პოლიციის ბრალეულობა“, – განმარტავს კობახიძე. შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორი მარია (მაკა) წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ, ლაშა მაღრაძემ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, რის შემდეგაც მაღლაძემ თავი მოიკლა. ყოფილი ცოლის მკვლელი და თვითმკვლელი ლაშა მაღრაძე მკვლელობის ჩადენამდე მოკლული მარია წივწივაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო სამართალდამცველებმა ორჯერ გააფრთხილეს. მარია წივწივაძემ, ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრე, ყოფილი მეუღლის, ლაშა მაღრაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე პოლიციას საჩივრით მიმართა. მარია წივწივაძემ შსს-ს საჩივრით პირველად სექტემბრის თვეში, რუსთავში მიმართა და განაცხადა, რომ მეუღლე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის თქმით, წივწივაძის საჩივრის შემდეგ, 22 სექტემბერს მარია წივწივაძე და ლაშა მაღარძე სამართალდამცველებმა რუსთავის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც გასაუბრების ოქმი შედგა. გიორგობიანის თქმით, მარია წივწივაძე ოქმში აღნიშნავდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლაშა მაღრაძე მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ შეწყვეტდა, ის შემაკავებელი ორდერის გამოწერას მოითხოვდა. თავის მხრივ, ლაშა მაღრაძემ ოქმში პირობა დადო, რომ მეუღლეს შეურაცხყოფას აღარ მიაყენებდა. მისივე ინფორმაციით, მარია წივწივაძემ აღნიშნული საჩივრით მეორედ 26 სექტემბერს დიდუბე -ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს მიმართა. თუმცა მას შემაკავებელი ორდერის გამოწერა არ მოუთხოვია. სამართალდამცველებმა ლაშა მაღრაძე განყოფილებაში 29 სექტემბერს დაიბარეს. წივწივაძის მიმართვის საფუძველზე ლაშა მაღრაძემ სამართალდამცველებისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები