დევნილთა სამინისტრო ზაზა რაზმაძის ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ზაზა რაზმაძის ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში დევნილთა მინისტრის დავით დარახველიძის პირად გვერდზე განთავსდა. მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
“გუშინ, კარალეთის დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევის შედეგად ზაზა რაზმაძე გარდაიცვალა. საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილ ზვიად რაზმაძის ძმაზე, რომელთა ფოტოსურათმა მსოფლიო მოიარა. მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამინისტრო გარდაცვლილი ზაზა რაზმაძის ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს“,- აღნიშნულია დარახველიძის განცხადებაში. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმისას რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და ზაზა რაზმაძე იმსხვერპლა.
“ზაზა რაზმაძეს, გორის ძველი ბაზრიდან, სადაც დედამისი მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა, რკინის ჯიხური კარალეთის დევნილთა დასახლებაში, საკუთარი კოტეჯის წინ გადაჰქონდა. კოტეჯის სიახლოვეს კი ახალი ბაზარი მდებარეობს. ძველი ბაზრის გაუქმების შემდეგ მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზარში გადავიდნენ. თითოეულ მათგანს თავისი ნივთები ახალ ბაზარში გადააქვს. რაზმაძეებსაც სავაჭრო ჯიხური სპეციალური მანქანით ე.წ. ,,ამწე”-თი გადაჰქონდათ. ზაზა რაზმაძე ,,ამწეს” ხელით ეხმარებოდა, რა დროსაც ძაბვა ჯიხურის კონსტრუქციებზე გადავიდა“, – წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
ამასთან, როგორც საინფორმაციო ცენტრი იუწყება, რაზმაძეები ერედვიდან არიან დევნილები და სოციალურ გაჭირვებას განიცდიან. ოჯახს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო სათანადო დახმარებას გაუწევს. 2008 წლის აგვისტოში, დაბომბვისას გარდაცვლილი ზვიად რაზმაძმის გადარჩენილი ძმის ფოტოსურათმა, სადაც ის დაღუპულ ძმასთან ერთადაა ასახული, მსოფლიო მოიარა და საერთაშორისო პრიზი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები