“საქართველო ევროპისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს არცერთ კონტექსტში, არცერთ პარამეტრში. პოლონეთი და ზოგიერთები საქართველოს თემის წამოწევას როცა ცდილობენ, ეს არის საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„დღევანდელი სამიტისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის რისკის წინაშე დგას და ევროპის აღმოსავლეთით და სამხრეთით უამრავი პრობლემაა, მათ შორის ომები, სამოქალაქო დაპირისპირება და ა.შ. ზოგიერთი როცა გადაწყვეტს, თურმე ასეთ დღის წესრიგში საქართველოც უნდა განიხილონ, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არის საქართველოს თემით მანიპულირება, რადგან რეალურად, საქართველო ევროპისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს არცერთ კონტექსტში, არცერთ პარამეტრში. ამიტომ, პოლონეთი და ზოგიერთები როცა საქართველოს თემის წამოწევას ცდილობენ, ეს არის საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა და ამ თემით მანიპულირება. საქართველო ევროკავშირისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ყველა ნაბიჯს ვდგამთ, რათა საქართველო ევროკავშირისთვის არანაირი საფრთხე არ იყოს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს, ჩვენი გადმოსახედიდან, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან ვიზალიბერალიზაციას თავისი პარამეტრები აქვს. იმისთვის, რომ მან გამართულად იფუნქციონიროს, რომელიმე ქვეყანა ევროკავშირისთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, ეს არის ამ სარგებლის მთავარი ამოსავალი წერტილი. ჩვენი გადმოსახედიდან, მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ამ საკითხით მანიპულირებას და იმგვარად წარმოჩენას ცდილობს, თითქოს საქართველომ რაიმე საფრთხის შექმნით გადაწყვიტა, ვიზალიბერალიზაციაზე კითხვა გააჩინოს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
დღეს, 23 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ.