ქარელის მუნიციპალიტეტში 100 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, რწყვის სეზონის პარალელურად, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემების მოწესრიგებას განაგრძობს. ინფორმაციას, „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

შიდა ქართლში, სოფელ ძლევიჯვარის ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაცია“ გაწმენდით სამუშაოებს საკუთარი ძალებით ახორციელებს.

ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის პირველი რიგის წყალგამანაწილებლის 1500 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, სოფელ ძლევიჯვარსა და ბრეთის მეურნეობაში დაახლოებით 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში შიდა ქართლში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 20 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 15 680 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები