შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი მადრიდში დიოდური სანათების წარმოების პროცესს გაეცნო

გარე განათების მოდერნიზაციის ფარგლებში, სამომავლოდ, დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილია „სოდიუმის“ სანათების ეტაპობრივად ჩანაცვლება დიოდური ტიპის სანათებით. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამედროვე, ეკონომიური LED სანათების დამონტაჟების შედეგად, წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ხარჯი, დაახლოებით, 9 მილიონი ლარით ნაკლები იქნება, ასევე, რესურსი დაიზოგება ექსპლუატაციის ნაწილშიც.

„პროექტის ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა მოადგილესთან, ვეფხვია ბაძაღუასთან და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსთან ერთად სამუშაო ვიზიტით ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. მათ ქალაქ მადრიდში დიოდური სანათების მწარმოებელი ბელგიური კომპანია SHREDER-ის ქარხანა დაათვალიერეს.

„თბილსერვის ჯგუფის“ დელეგაცია ადგილზე გაეცნო დიოდური სანათების წარმოების პროცესს, ტექნიკურ დეტალებს, მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემებს.

შესაბამისი ტენდერის გამოცხადების მიზნით, ამ ეტაპზე ბაზრის კვლევა და სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები