დავით ფაცაცია პროექტის „ჩვენ ერთად საქართველო ვართ“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი – „ჩვენ ერთად საქართველო ვართ“ მიმდინარეობს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ახორციელებს და მასში აფხაზეთიდან დევნილი 10 ახალგაზრდა მონაწილეობს. ინფორმაციას, აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, 16 ივნისს ნანა ქარდავამ წაიკითხა ლექცია თემაზე – „ცნობილი მოღვაწეები აფხაზეთიდან“, რომლის შემდგომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად, დაათვალიერეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უნიკალური ექსპონატები.
შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელსაც ხელი მოაწერეს მინისტრმა დავით ფაცაციამ და უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ.
მხარეები შეთანხმდნენ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე, ამ მიზნით ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების ორგანიზებასა და განხორციელებაზე.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის რექტორს ბატონ შალვა კირთაძეს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერისათვის.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა და პროექტი, რომელიც ჩვენი დევნილი მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას, მათთვის უფრო მეტი შესაძლებლობების მიცემას და იმ საერთო საქმეს უკავშირდება, რასაც ერთიანი, ძლიერი საქართველოს მშენებლობა ჰქვია“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.