მწერალთა სახლში თურქ მწერალს – ესმა ალა თურქმენს შეხვდებიან

20 ივნისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლი თურქ მწერალ, ესმა ალა თურქმენთან შეხვედრას გამართავს.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ესმა თურქმენი ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტი და ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.
იგი შეხვედრაზე მოწვეულ ქართველ მწერლებს, მთარგმნელებსა და გამომცემლებს იმ შესაძლებლობებს გააცნობს, რომლებიც ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში მონაწილეობისთვის აქვთ. საჯარო დიალოგი ღიაა დაინტერესებული პირებისთვისაც!
ესმა თურქმენი რამდენიმე წიგნის ავტორია („ვარგიტი“, „ის სიმღერა“, „ტოფრაქ საჰადას მთვარის შუქი“). მისი პირველი რომანი 2002 წელს გამოიცა. იგი საბავშვო წიგნების ავტორიცაა.
შეხვედრას გაუძღვება ქართველოლოგი და მთარგმნელი ჰარუნ ჩიმქე. იგი აქტიურად მუშაობს ქართული კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის თურქულ ენაზე თარგმნა-პოპულარიზაციაზე.
საღამოს მეორე ნაწილში ჰარუნ ჩიმქე წარადგენს ორ კრებულს, რომლებიც მიმდინარე წელს მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა − „11 ქართული მოთხრობა“, რომელიც 11 ქართველი მწერლის ნამუშევრებს აერთიანებს და ასევე გიორგი სოსიაშვილის მოთხრობათა კრებული „მოვალ შენთან“.
ორივე წიგნის თარგმანზე ჰარუნ ჩიმქემ იმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები