104 წლის ასაკში უხუცესთა ანსამბლ „ბერმუხას“ გამორჩეული წევრი – მუჰამედ ირემაძე გარდაიცვალა

104 წლის ასაკში გარდაიცვალა უხუცესთა ანსამბლ „ბერმუხას“ გამორჩეული წევრი, აჭარული ცეკვების  შემსრულებელი, მუჰამედ ირემაძე. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
„იგი 43 წლის მანძილზე დაუღალავად ემსახურა ანსამბლ „ბერმუხას“
ბატონმა მუჰამედმა „ბერმუხასთან“ ერთად, თავისი შემოქმედებით შეგვაყვარა ყველას თავი. უდავოდ დიდია მისი ღვაწლი და დამსახურება ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, რომელმაც არაერთი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. სცენაზე მისი ხილვა ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურ და დასამახსოვრებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მაყურებელში.
მუჰამედ ირემაძე, ქართული ფოლკლორის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით, ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტბელ აბუსერისძის უმაღლესი ჯილდოთი.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებსა და სრულიად ქორეოგრაფიულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები