გორდულაძე – გახარიაზე: კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული
“კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ყველაფერი ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ როდესაც ყველანაირად ცდილობდა კითხვებს გაქცეოდა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
„გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე წარდგენის დროს ილაპარაკა ყველაფერი და არაფერი. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის ჩორჩანასთან დაკავშირებით. თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგო პირადად მისი ინიციატივით დაიდგა და არ იყო შეთანხმებული არც ერთ რელევანტურ სამსახურთან და არც პარტნიორ ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია თურმე ტერიტორიების დაკარგვა. 2008 წლის შემდეგ ტერიტორიების დაკარგვის პირველი ფაქტი იყო და საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე. გახარია ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა მაშინ, როდესაც მოვისმინეთ ჩორჩანას მაცხოვრებლის განცხადებები, რომელმაც გახარია ტყუილში ამხილა.
ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებაც გავრცელდა დღეს, სადაც ის ამბობს, რომ ჩორჩანას გარდა კიდევ ორი საგუშაგოა დადგმული 2008 წლის შემდეგ, რომელთა დაკავშირებითაც არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს, რადგან შეთანხმებული იყო პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია ტერიტორიების დაკარგვა. მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიების დაკარგვა პირდაპირ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რადგან არავისთან იკითხა, არავისთან შეათანხმა, სახელმწიფო დონეზე არ გადამწყდარა საკითხი და პირადი ინიციატივით მოხდა. კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ როდესაც ყველანაირად ცდილობდა კითხვებს გაქცეოდა“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ იბარებენ.