95 წელი შესრულდა ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის დაბადებიდან

95 წელი შესრულდა ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის დაბადებიდან. საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს ოტია იოსელიანის ხსოვნას, სამშობლოსა და ქართული მწერლობის წინაშე მის გამორჩეულ დამსახურებას.

დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში.

საკუთარ ბიოგრაფიას „მდუღარეგადასხმულს“ უწოდებდა და თავს ჰემინგუეის სიტყვებით ინუგეშებდა, – მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო.

ამ აზრის ზედმიწევნით გამართლებაა მისი მდიდარი და მრავალმხრივი შემოქმედება:

რომანები, მოთხრობები, ნოველები, ზღაპრები, პიესები, კინო სცენარები…

ოტია იოსელიანის საუკეთესო ნოველები მწერლის სიცოცხლეშივე მიაკუთვნეს ქართულ კლასიკას;

„ვარსკვლავთცვენა“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ადამიანი იბადება ერთხელ“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ – ამ ნაწარმოებებს საქართველოს წამყვან თეატრებში ცნობილი რეჟისორები ცნობილ მსახიობთა მონაწილეობით დგამდნენ.

ქართველი ბავშვებისათვის გამორჩეულად საყვარელ წიგნად იქცა „დაჩის ზღაპრები“…

ოტია იოსელიანი იყო მწერალი, რომელიც თავისი ხალხის ცხოვრებით ცხოვრობდა. ერს სულიერ საზრდოს აწვდიდა, სარჩოს კი თვითონაც ფიზიკური შრომით მოიპოვებდა. ერის ნამდვილი მესიტყვე იყო და მისთვის მწარე სიმართლის თქმის ზნეობრივი უფლებაც ჰქონდა.

მისი გამონათქვამებით დღესაც მოფენილია ინტერნეტსივრცე.

ოტია იოსელიანი უნიკალური მწერალია, რომელიც თვითონ არ იცინის, ჩვენ გვაცინებს, მაგრამ ამ სიცილით გვაფხიზლებს და ზნეობრივ ღირებულებებზე გვაფიქრებს, ნიადაგ – სამშობლოს სიყვარულს შეგვახსენებს, მშობლიურ ენაზე ზრუნვისკენ მოგვიწოდებს.

საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს ოტია იოსელიანის ხსოვნას, სამშობლოსა და ქართული მწერლობის წინაშე მის გამორჩეულ დამსახურებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები