პირველი მაცივრები — როცა ყინული ძვირფას ქონებად ითვლებოდა

დღეს მაცივარი ჩვენს ყოფაში ისე ბუნებრივად არის ინტეგრირებული, რომ მის მნიშვნელობაზე არც კი ვფიქრობთ. თითქოს, ის ყოველთვის არსებობდა, თუმცა, დაახლოებით, 100–150 წლის წინ საკვების ცივად შენახვა ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენდა და… ფუფუნებასაც.

მაშინ, როცა ტექნოლოგია ჯერ არ არსებობდა, ბუნებრივი ყინული იყო ერთადერთი რესურსი, რომელიც ადამიანებს საკვების ცივად შენახვაში ეხმარებოდა. სწორედ ამიტომ, ყინული დიდ ქალაქებში ისეთივე ძვირფას ტვირთად ითვლებოდა, როგორც სუნამო, აბრეშუმი ან ძვირფასეულობა.

მე-19 საუკუნის დასაწყისში ქალაქებში მცხოვრები ადამიანები ყინულს, ძირითადად, ზამთარში გაყინული ტბებიდან ან მდინარეებიდან მოიპოვებდნენ. მოჭრილი ყინულის კუბებს თივაში ახვევდნენ და სპეციალურად აშენებულ ბუნებრივ სარდაფებში ინახავდნენ — იმედით, რომ ზაფხულამდე გაძლებდნენ. ეს პროცესი იმდენად სერიოზული გახდა, რომ ზოგ ქვეყანაში „ყინულის ბიზნესიც“ კი ჩამოყალიბდა.

ყინულის გლობალური ექსპორტი ნამდვილი საოცრება იყო: მაგალითად, 1830-იან წლებში აშშ-დან ინდოეთში გემებით გადაჰქონდათ ყინული. ეს მარშრუტი დღეების და კვირების მანძილზე გრძელდებოდა. ყინული, ბუნებრივია, დნებოდა, მაგრამ ის ნაწილი, რაც დანიშნულების ადგილამდე მიაღწევდა, დიდძალ ფასად იყიდებოდა. ეს იყო საუკუნე, როცა ყინულით სავსე სასმისი ქალაქელისთვის ისევე ძვირფასი იყო, როგორც ღვინო.

მანამ, სანამ ელექტრო მაცივრებს გამოიგონებდნენ, ადამიანები ე.წ. ყინულის ყუთებს იყენებდნენ. ეს იყო თუთიის, თიხის ან ხის კონტეინერი, რომელშიც ზევით მოთავსდებოდა ყინულის კუბი, ქვედა ნაწილში კი, საკვები. როცა ყინული დნებოდა, წყალი პატარა მილით სპეციალურ უჯრაში გადიოდა.

პირველი ელექტრო მაცივარი, როგორც საყოფაცხოვრებო მოწყობილობა, 1913 წელს გამოჩნდა. თუმცა, ამ ტექნოლოგიის ფართო გავრცელება და მასობრივი ხელმისაწვდომობა მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა ხანებში დაიწყო. იმ დროისთვის მაცივარი აღარ იყო უბრალოდ საკვების შესანახი ყუთი — ის ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი გახდა.

მაცივარმა არამარტო საკვები გადაარჩინა, არამედ დრო, ენერგია და… ჯანმრთელობაც. შემცირდა საკვების გაფუჭების რისკი, გაჩნდა ახალი საკვები პროდუქტები, გაყინული ბოსტნეული, მზა კერძები, შეიცვალა კვების გრაფიკიც… აღარ იყო საჭირო ყოველდღე ბაზარში სიარული ან დღეში ორჯერ წვნიანი კერძის მომზადება.

ზოგჯერ დიდი ტექნოლოგიური მიღწევები არც ისე თვალშისაცემია, როგორც კოსმოსური რაკეტა ან ინტერნეტი, მაგრამ მაცივარი, ეს ერთი შეხედვით უხმო და მდუმარე მოწყობილობა, გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელმაც სამზარეულო კულტურა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და თავად დროის გამოყენებაც შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები