გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის ელჩმა ევროპარლამენტს რეალური სურათი უნდა მიაწოდოს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და ამ დროს, 4-ზე მეტი რეზოლუცია მიიღეს ევროპარლამენტში, სადაც პირდაპირ ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას
პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ევროპული ქვეყნების ელჩებს მოუწოდა, საგამოძიებო კომისიაზე განხილულ საქმეებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.
ნაცმოძრაობის რეჟიმის დაზარალებულის ნიკოლოზ გოგუაძის მოსმენისას დეპუტატმა განმარტა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოსულ არაერთ დაზარალებულს აღუნიშნავს, რომ არც მაშინდელ სახალხო დამცველს და არც უცხო ქვეყნების ელჩებს ინტერესი არ გამოუთქვამთ იმ რეჟიმის დროს ციხეებში არსებული ვითარების შესახებ.
“სამწუხაროდ ამ პასუხს ველოდი იმიტომ, რომ თქვენამდეც ბევრი ადამიანი მოვიდა კომისიაზე, ვინც ეს
ჯოჯოხეთი მოყვა, თქვენს მსგავსად და მათგანაც იგივე პასუხები გვაქვს – სამწუხაროდ, მაშინდელი სახალხო დამცველი არ ინტერესდებოდა იმ ჯოჯოხეთით, რაც მაშინ ხდებოდა. არც საელჩოები, არც უცხოელი პარტნიორები, არც ენჯეო სექტორი – არავინ არ ინტერესდებოდა იმ უბედურებით, რაც მაშინდელ ციხეებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში ხდებოდა.
მივმართავ დღევანდელ ელჩებს საქართველოში, დაწყებული ევროკავშირის ელჩით – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და არცერთ მათგანს არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია. ის რეჟიმი, რომელიც ამ სისასტიკეებს ჩადიოდა, დღეს მათ მიერ მონათლულია ევროპული ღირებულებების პარტიად და ხალხს მოუწოდებენ ამ “ევროპული ღირებულებების” პარტიას დაუჭიროს მხარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა. 4 თვეა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მოდიან დაზარალებული ადამიანები და დღემდე ევროკავშირის ელჩიდან დაწყებული ბევრ სხვა ელჩს, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს მხარი დაუჭიროს ნაცმოძრაობას, როგორც ევროპული ღირებულებების პარტიას, არაფერი უთქვამთ. ამას აუცილებლად პასუხი ექნება ქართველი ხალხისგან.
ევროკავშირის ელჩი დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ ევროპარლამენტს რეალური სურათი მიაწოდოს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და ამ დროს, 4-ზე მეტი რეზოლუცია მიიღეს ევროპარლამენტში, სადაც პირდაპირ ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, რომელიც იყო თავი ამ რეჟიმის და ეს დადასტურებული აქვს სტრასბურგის სასამართლოსაც. უცხოელი პარტნიორები იმ პერიოდს [სააკაშვილის რეჟიმს] პროგრესულ პერიოდად ასაღებენ. დარწმუნებული ვარ, ეს კომისია იქნება ნაცმოძრაობის დასასრული,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა