ირაკლი ქადაგიშვილი: შემოდგომაზე შეეცდებიან დუღილის ტემპერატურის აწევას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსახლეობისთვის უკვე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეიძლება ასეთი ძალებისათვის საჯილდაო ქვად იქცეს
რა თქმა უნდა, შეეცდებიან, რომ [შემოდგომაზე] რაღაცნაირად დუღილის ტემპერატურა აწიონ, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული, ვარ რომ თვითონ მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის უკვე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეიძლება ასეთი ძალებისათვის საჯილდაო ქვად იქცეს, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მცდელობების მიუხედავად, ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ.
„ხალხი დიდ სურათსაც ხედავს რაც დღეს მსოფლიოში ხდება: აბსოლუტური არასტაბილურობა, ცხელი ომი, სავაჭრო, ომი ყველა ყველას წინააღმდეგ და ამ ტოტალურ დიფუზიაში, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება თავის ხალხთან ერთად ინარჩუნებს სტაბილურობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის ხედვა, რომ ვიღაც უცხოელი და ზოგადად უცხოეთი აქ ჩვენს სამოთხეს მოგვიწყობს, ეს ერთგვარი პირველადი ილუზია, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობას იღებდა და გვეგონა რომ ეს ყველაფერი ავტომატურად, თავისთავად მოხდებოდა და ჩვენ გაშლილი ხელებით შეგხვდებოდნენ, დამთავრდა და ხალხმა იცის, რომ თუ საკუთარი ინტერესებისათვის, შენი ეროვნული ინტერესებისათვის შენ არ იბრძოლე, შენი თავი, შენი ოჯახი, შენი ღირებულება, შენი ფასეულობა შენ არ დაიცავი, რა თქმა უნდა, სხვა ამას ყოველთვის თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს“, – აცხადებს ქადაგიშვილი.