ირაკლი ქადაგიშვილი – არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მოწოდებაზე: ფიქრობენ, რომ თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას საბოლოოდ ვარდებიან [ოპოზიცია] პოლიტიკური სცენიდან
მიუხედავად იმისა გაიმარჯვებენ თუ არ გაიმარჯვებენ, რაღაც შედეგიც კი ნიშნავს, რომ მათი პოლიტიკური ცხოვრება რაღაც ფორმით შენარჩუნდება, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის მოწოდებას ოპოზიციისადმი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გზა იმის, რომ რადიკალური პარტიები პოლიტიკური ველიდან არ გაქრნენ.
„ეს არის უსამართლობის ზეიმი, რაც ახლა ევროპარლამენტში ხდება, დაწყებული იმით, რომ ქალბატონი რასა აცხადებს „გაყალბებული არჩევნები“, რომლის დასასაბუთებლად ერთი კონკრეტული მაგალითის მოყვანაც კი არ ძალუძს, იმიტომ, რომ ასეთი ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს იმ სისტემიდან გამომდინარე, რა სისტემითაც საქართველოში არჩევნები ტარდება. მაგრამ ხედავენ, რომ ის წინასაარჩევნო ციებ-ცხელება, რაც მათ ჰქონდათ ოპოზიციის ნაცვლად, რომ ატარებდნენ არჩევნებს შედეგები დადგა მათთვის არასასურველი შემდეგ გადავიდნენ გეგმა „B“-ზე, როდესაც ფერადი რევოლუციის მოხდენას რამენაირად ცდილობდნენ საქართველოში. ეს გეგმაც ვერ განხორციელდა. ხალხი და ხელისუფლება უფრო საღად მოაზროვნე აღმოჩნდა, ვიდრე ის პოლიტიკური ჭაობი, რადაც პირადად მე ევროპას აღვიქვამ.
ახლა არის მესამე სერია, ანუ გეგმა „C“. ხედავენ, რომ ახლა თვითმმართველობის არჩევნებშიც, რომ არ მიიღონ მონაწილეობა, საერთოდ სრული მარგინალიზაცია ხდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, გამარგინალებული ძალების გვერდით ჩაწევა და სხვა პარტიების წინ წამოწევა მოხდება.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, როგორმე დარჩეს პოლიტიკურ ველზე.
„ესენი ფიქრობენ, რომ თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას საბოლოოდ ვარდებიან პოლიტიკური სცენიდან. გამოჩნდება სხვა პოლიტიკური ძალა,რომელიც რეალურად დაიკავებს ოპოზიციის ნიშას, რაც ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტისათვის. ამიტომ ამის დათმობა ადვილად არ ემეტებათ არც გარეთ, არც შიგნით. ამიტომ მიუხედავად იმისა გაიმარჯვებენ თუ არ გაიმარჯვებენ, რაღაც შედეგიც კი ნიშნავს, რომ მათი პოლიტიკური ცხოვრება რაღაც ფორმით შენარჩუნდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის გამარჯვების შანსი მინიმუმამდეა დასული.
„ხალხი უყურებს და ყველას აფასებს თავისი ქმედებების მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.