იაგო ხვიჩია: როგორ შეიძლება ქუჩაში ეყაროს ხმები „ნაცმოძრაობის“ ბედოვლათობის შედეგად და ოპოზიციური პარტია არ ცდილობდეს, რომ მათი ნაწილი მაინც საკუთარ ყულაბაში არ მოათავსოს

როგორ შეიძლება ქუჩაში ეყაროს ხმები „ნაცმოძრაობის „ ბედოვლათობის შედეგად და ოპოზიციური პარტია არ ცდილობდეს, რომ მათი ნაწილი მაინც საკუთარ ყულაბაში არ მოათავსოს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ არჩევნებისთვის მზადების პროცესშია, რეგიონებში ხვდებიან მოსახლეობას და ეძებენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ კანდიდატები იყვნენ საკრებულოს არჩევნებზე.

როგორც მან აღნიშნა, პრობლემას ვერ ხედავს იმაშიც, რომ „ლელო“ ცდილობს „ნაცების“ ხმების მოპოვებას.

„ჩვენ რეგიონებში დავდივართ, ხალხს ვხვდებით, ვემზადებით არჩევნებისთვის. ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ჩვენი კანდიდატები იყვნენ საკრებულოს არჩევნებზე. ბევრ ადამიანს ველაპარაკებით სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილას. ზოგადად, ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, არის, სად მიდის „ნაცების“ ხმები. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, „ნაცები“ იძახიან ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებშიო.

როგორ შეიძლება ქუჩაში ეყაროს ხმები, „ნაცმოძრაობის“ ბედოვლათობის შედეგად და ოპოზიციური პარტია არ ცდილობდეს, რომ მათი ნაწილი მაინც საკუთარ ყულაბაში არ მოათავსოს. ჩვენ ამის არც გვერიდება და არაფერი პრობლემური ამაში არ გვგონია. ზოგადად, არც იმაში არ გვგონია პრობლემური, რომ „ლელო“ დარბის „ნაცების“ ხმების მოსაპოვებლად, ცხადია. რასაკვირველია, რაღაც დონეზე შეთანხმებაა, რაღაც დონეზე შეუთანხმებლობაც შეიძლება იყოს. მაგალითად, ადგილობრივ დონეზე შენ რომ მიდიხარ „ნაცმოძრაობის“ რომელიღაც აქტივისტთან ან ლიდერთან ან საკრებულოს ყოფილ წევრთან და ეუბნები, რომ შენი პარტია არ იღებს მონაწილეობას და მე შენ გადაგიხდი ფულს და შენი ხმები დამახმარე, ანუ შენმა ამომრჩევლებმა მე მომცენ ხმები, ეს შეთანხმებაა თავისი შინაარსით, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ. მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ ხაბეიშვილი გამოდის და პროსტიტუტს ეძახის ხაზარაძეს. ერთის მხრივ, „ნაცმოძრაობა“ ცენტრში ამბობს, რომ ვიღაც არის პროსტიტუტი და მეორეს მხრივ, მისი ხელდასმული ადამიანები, სხვადასხვა ხალხი, რომელიც რეგიონებში „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ, ამ ე.წ. პროსტიტუტებთან თანამშრომლობენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები