“ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, მაგრამ ევრობიუროკრატები თავიანთი საქციელებით მოსახლეობის დიდ ნაწილს აღიზიანებენ” – ლევან მაჭავარიანი
“ევროკავშირი და მისი წარმომადგენლობა ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ქვეყანაში ნიჰილიზმს ნერგავენ. ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, მაგრამ ევრობიუროკრატები თავიანთი საქციელებით მოსახლეობის დიდ ნაწილს აღიზიანებენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
„ჩვენი მისწრაფება ევროკავშირისკენ არის, მაგრამ ევრობიუროკრატები ხელოვნურად ყველაფერს აკეთებენ, რომ ქართველებს ნდობა დააკარგვინონ ევროკავშირის მიმართ. ამ ყველაფერს ის პროცესები იწვევს, რასაც ვხედავთ. მოქალაქეებმა ნახეს, რომ იქ დასმენაზე ჩასულები იყვნენ ყორშია, ბუღაძე, ლომჯარია-გიგაური და ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ. ევრობიუროკრატები საქართველოში დელეგაციებს აგზავნიან და ხალხს სცენიდან მაიდანიზაციისკენ მოუწოდებენ. ისეთ რეზოლუციას იღებენ, სადაც თითქოს, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გავათავისუფლოთ. ასევე ანტისამთავრობო აქციებზე საგარეო საქმეთა მინისტრებს აგზავნიან და ორმაგი სტანდარტებით გვესაუბრებიან. თურმე, რაც საქართველოში არ შეიძლება იყო დაშვებული, მათ ქვეყანაში მისაღებია. ევროკავშირი და მისი წარმომადგენლობა ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ქვეყანაში ნიჰილიზმს ნერგავენ. ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, მაგრამ ევრობიუროკრატები თავიანთი საქციელებით მოსახლეობის დიდ ნაწილს აღიზიანებენ, რაც სამწუხაროა. იმედია, თავიანთ რიტორიკას და პოლიტიკას ამ კვლევის გამო მაინც გადახედავენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, “ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული, საქართველოში ევროკავშირს გამოკითხულთა 49% ენდობა.