გერმანელი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან

სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელ მარგიტ შტეფელის ხელმძღვანელობით, გერმანიის ბიზნეს-დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლალი ღოღობერიძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და ის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იყო გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინვესტიციების განხორციელების კუთხით.
ირმა ქავთარაძემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოზე, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, გერმანული ბიზნეს-დელეგაციის წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოსთან თანამშრომლობით ისეთ სფეროებში, როგორიცაა მანქანა-დანადგარების წარმოება, სამრეწველო ობიექტების შექმნა, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ქიმიური მრეწველობა და კვების მრეწველობა.
გერმანული დელეგაციის საქართველოში ვიზიტი 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოში მოღვაწე ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები